30 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში ადმინისტრაციის ხარჯები დევნილთა საჭიროებისთვის დახარჯულ თანხებს 3-ჯერ აღემატება - აუდიტის სამსახურის ანგარიში

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში ხარჯების სტრუქტურის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ დევნილთა საჭიროებებისათვის გახარჯული თანხები ადმინისტრაციის შენახვის ხარჯებთან მიმართებაში აშკარად არაპროპორციულია და მნიშვნელოვნად, 2-3-ჯერ ნაკლები ოდენობითაა წარმოდგენილი - ასე აფასებს აუდიტის სამსახური აფხაზეთის მთავრობის რეგიონული წარმომადგენლობების მუშაობას.

მთავარი მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ აფხაზეთიდან 226 ათასი დევნილის სოციალური საჭიროებებისთვის წლის განმავლობაში 467 ათასი ლარი დაიხარჯა, ოთხი რეგიონული წარმომადგენლობის შესანახად კი მილიონ რვაასი ათასზე მეტი. რა სახის დახმარება გაუწიეს წარმომადგენლობებმა დევნილებს ამაზე დეტალურად საუბარი უჭირთ ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ რეგიონალურ ოფისებში თანამშრომლების ოპტიმიზაცია დაწყებულია.

რეგიონული წარმომადგენლობების მუშაობით უკმაყოფილონი არიან დევნილებიც. სამეგრელოში, სადაც ყველაზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, "კურიერთან" ყვებიან, რომ წლებია მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობებით არავინ დაინტერესებულა.

დევნილების პრეტენზიებს დღეს აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაში არ უპასუხეს. წარმომადგენლობამ, რომელსაც 100 ათასზე მეტ დევნილზე ზრუნვა ევალება, "კურიერის" კამერასთან ვერ ახსნა, რატომ დაიხარჯა საბიუჯეტო დაფინანსების თითქმის 80 % მხოლოდ ადმინისტრაციის შენახვაზე.

სამეგრელოს წარმომადგენლობის გარდა დევნილებს საქართველოს მასშტაბით კიდევ სამი ოფისი ემსახურება. იმერეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობებშიც დაფინანსების თითქმის 70%, რაც მილიონ ლარს უტოლდება, 55 თანამშრომლის ხელფასში დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, წარმომადგენლობის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ დევნილთა საჭიროებებს მიზერული თანხებითაც აკმაყოფილებენ.

რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება დევნილებისთვის გამოყოფილი თანხები ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობების მხრიდან და გვაქვს თუ არა საქმე საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გაფლანგვასთან, ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ გამოძიების დაწყების შემთხვევაში იქნება. თუმცა დაინტერესდება, თუ არა აუდიტის სამსახურის დასკვნით საგამოძიებო უწყება ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები