30 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"დილით თამაშობდა, მერე ჯიბეში ჩაიდო და გაიყოლა" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გორში, მოსწავლის მიერ სკოლაში მიტანილ დანასა და კასტეტზე

მერვეკლასელ მოსწავლეს, რომელსაც საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ბასრი და ბლაგვი საგნები აღმოუჩინეს, არ სურს საუბარი, თუ რა მიზეზით მიიტანა სკოლაში ცივი იარაღი.

"ბავშვს ჰქონდა დანა წაღებული სკოლაში, ეს უნახა მასწავლებელმა და მაგის გამო გადავედით პოლიციაში. დილით თამაშობდა, მერე ჯიბეში ჩაიდო და გაიყოლა. დასვენებაზე ამოიღო, ათამაშებდა და მაშინ ჩამოართვეს," - აცხადებს ბავშვის მშობელი.

გორის მე-7 საჯარო სკოლის მანდატურის სამსახურმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც პედაგოგისგან შემთხვევის შესახებ გაიგო. საგამოძიებო სტრუქტურის თანამშრომლები სასწავლო დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მერვეკლასელს დანასთან ერთად ე.წ. კასტეტიც აღმოაჩნდა.

კლასში ბასრი საგნების შეტანის შესახებ ინფორმაცია დამრიგებელს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. სკოლის დირექტორს ჯერ არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რატომ მივიდა სკოლაში მოზარდი ცივი იარაღით. ნოდარ იარაღანაშვილი ამბობს, რომ ბავშვებზე პასუხისმგებლობა მშობლებმაც უნდა აიღონ, რადგან მათ მეტი ყურადღება მართებთ.

მომხდარზე სკოლის პასუხისმგებლობის საკითხს ხედავენ საგანმანათლებლო რესურსცენტრში. მსგავსი უყურადღებობით გამოწვეულ საფრთხეზე საუბრობენ და იხსენებენ ფაქტებს, სადაც ამ ტიპის შემთხვევებმა მოზარდები მძიმე შედეგებამდე მიიყვანეს.

მას შემდეგ, რაც საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, მოზარდი პოლიციაში მშობელთან ერთად დაიკითხა. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით არის აღძრული, სასწავლო დაწესებულებიდან ამოღებული ცივი იარაღები კი, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

დღის ამბები