ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიაში არსებულ სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით სამუშაოებს ის კომპანია ასრულებს, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წევრებთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით.
"რეალობაა, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე, სტრატეგიულ ობიექტზე რამდენიმე თვეა გზა დახაზული არ არის და ყოველდღიურად შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციას, ამოიღოთ და ნახოთ, რომ ხდება ავარიები და ამ მიზეზი არის დედაქალაქის მერი კახი კალაძე, რომელმაც ვერ მოახერხა," – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ გზების დახაზვასა და საღებავების შეძენაზე ტენდერი 2019 წლის ივნისის თვეში გამოცხადდა, რომელშიც 2 თვით ადრე დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
"ტენდერი ამ გზების დახაზვასა და საღებავების შეძენაზე გამოცხადდა შარშან ივნისის თვეში, სადაც გამარჯვებულად გამოვლენილ იქნა ორი თვით ადრე დაფუძნებული კომპანია და ამ კომპანიას რომ გაემარჯვა, ამისთვის 4 კომპანიას მისცეს დისკვალიფიკაცია. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ კომპანია, რომელსაც გაამარჯვებინეს და მილიონ ნახევრიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ნახევარი მილიონი ლარით ძვირი ფასი ჰქონდა შეთავაზებული, ვიდრე მის დანარჩენ კონკურენტებს," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
ბრალდებები მიუღებელია საკრებულოს უმრავლესობისთვის. მატი თქმით, ყველა ასეთი ტიპის სამუშაოებს "თბილსერვის" ჯგუფი ახორციელებს.
"დახაზვას ვერავინ ვერ აწარმოებდა, გატყუებენ იმიტომ, რომ "თბილსერვისს" ჰყავს შესაბამისი ტექნიკა და "თბილსერვისი" მერიის უწყება ხაზავს, შესაბამისად ეგ ერთი ტყუილი.
მეორე ტყუილი, ჯერ იქ საბოლოოდ სამუშაოები დასრულებული არ არის, საგზაო კი, მაგრამ ლამპიონებია დასამაგრებელი, გამწვანება გარშემო გასაკეთებელი და გამყოფ ზოლზე.
მესამე, სჭირდება სპეციალური კლიმატური პირობები, თუ არ ვცდები +10 უნდა იყოს, რომ მიიღოს ასფალტმა ის საღებავი. ამიტომ ჯერ რამე წაიკითხონ და მერე ატარონ ბრიფინგები," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.