დღეიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, კომერციულ ბანკებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს ახალი შეზღუდვები უწესდებათ. მათ მოქალაქეების მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად, მსესხებლის ქონების გამოყენება ეკრძალებათ.
ეს ყველაფერი გათვალისწინებულია გასული წლის 30 მაისით დათარიღებულ ბრძანებაში, რომლის ამოქმედებაც 1-ლი ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა, საქართვლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებით აკრძალვა დღეიდან ამოქმედდება.
ახალი შეზღუდვის ამოქმედებას ეკონომიკის ექსპერტები ეხმაურებიან, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილის თქმით, ასეთი რეგულაცია არის ტიპიური "ძიძა სახელმწიფოს" პოზიცია, როცა ეროვნული ბანკი და მთავრობა ასწავლის ფინანსურ ინსტიტუტს რა არის მისთვის უკეთესი:
"თითქოს განზრახვა აქ არის ის, რომ რისკიანობა არ გაიზარდოს ასეთი ეკონომიკური საქმიანობის, ვთქვათ უკვე ჩაგირავებული ქონება კიდევ ჩაიგირავა რომელიმე ფინანსურმა ინსტიტუტმა მისი რისკი გაიზრდება, მართლაც, ამ შემთხვევაში რისკი გაიზრდება, მაგრამ არ უნდა იყოს რაღაცა რეგულაცია, რომელიც უკრძალავს, რომელიმე ბანკს და საფინანსო ინსტიტუტს, თუ უნდა და თუ შეფასებული აქვს ეს რისკი, აიღოს უფრო მეტი რისკი. ეს არის ტიპიური ძიძა სახელმწიფოს პოზიცია, როცა ეროვნული ბანკი და მთავრობა გვასწავლის ჩვენ რა არის ჩვენთვის უკეთესი,"- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას თქმით, საქართველოს ტიპის ქვეყნებში მომხმარებელი ხშირად ხარბდება სესხის აღების შესაძლებლობას და მზად არის ყველანაირი უზრუნველყოფა ჩადოს სესხის ასაღებად და არ არსებობს გარანტია, რომ სესხს დააბრუნებს, სწორედ ამიტომ სებ-ის რეგულაცია თავად ბანკებს ზღუდავს ასეთი სესხის გაცემაში:
"კლიენტის ფინანსური მდგრადობა უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი და არა ის უზრუნველყოფა, რომელსაც ის დებს კონკრეტული სესხის ასაღებად. იმიტომ რომ ხშირად საქართველოში და ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში მომხმარებელი ხშირად ხარბდება სესხის აღების შესაძლებლობას და მზად არის ყველანაირი უზრუნველყოფა ჩადოს სესხის ასაღებად იმის გარანტიის გარეშე, რომ შეძლებს ამ სესხის დაბრუნებას. მსგავსი პრეცედენტი რომ არ დაფიქსირდეს სებ-ის რეგულაციები ზღუდავს თვითონ ბანკებს და მათ ნაკლებ ინტერესს უჩენს ასეთი ტიპის მსესხებელთან ურთიერთობისთვის. ამ სესხის უკან ვერ მიღების შემთხვევაში აეკრძალებათ იმ უზრუნველყოფის გასხვისება,"- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაშია აღნიშნული, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის, გაცემული სესხის უზრუნველსაყოფადაა მიღებული.