30 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
სამი შეხვედრა ერთ დღეში - კელი დეგნანი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

სამი შეხვედრა ერთ დღეში. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და  საგარეო საქმეთა მინისტრს დავით  ზალკანიანს დღეს რწმუნებათა სიგელი წარუდგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ ახალმა ელჩმა შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლების ორივე წარმომადგენელთან. ელჩი ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტთან ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა მიმართულებას.

კელი დეგნანმა დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ იმუშავებს იმ პრიორიტეტებზე რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას და გააძლიერებს შეერთებულ შტატებთან კავშირს.

დღის ბოლოს ახალმა ელჩმა უკვე შეხვედრა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიასთან გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ხელშესახებ შედეგზე, რომელიც ქვეყნებს შორისაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ხაზი გაესვა ასევე ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

დღის ამბები