30 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
PACE-ს რეზოლუცია - ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ყოველწლიურ რეზოლუციაში, რომელიც 10-მდე ქვეყნის მონიტორინგის შედეგებს ასახავს, 1 გვერდი საქართველოსაც ეთმობა, რომელშიც ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია საარჩევნო სისტემას ეხება.

რეზოლუციაში კონკრეტულ მოდელზე საუბარი არაა და მონიტორინგის კომიტეტი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით უზრუნველყოფილ სისტემაზე შეთანხმდნენ, ამიტომ რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში აღარც სიტყვა პროპორციულია დაფიქსირებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში ეწერა, რომ ეს საარჩევნო სისტემა ძალაში 2020 წლამდე უნდა შევიდეს და იგულისხმებოდა პროპორციული სისტემა, თუმცა მას შემდეგ, რაც განიმარტა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები სწორედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, უკვე საბოლოოდ, რეზოლუციის დოკუმენტში მითითებულია, რომ აუცილებელია იყოს კონსენსუსი იმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლითაც 2020 წლის არჩევნები ჩატარდება. ოპოზიციაში ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ არჩევნებს ასე მარტივად შერეული სისტემით ხელისუფლება ვერ ჩაატარებს, ვინაიდან არათუ კონსენსუსი არ არსებობს, არამედ ამ სისტემას უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ჩვენ დემოკრატიული არჩევნები გვსურს, რომელიც გარე ძალის ჩარევისგან თავისუფალი იქნება, - ამბობს ბრიტანელი დეპუტატი, რომელმაც რეზოლუცია მოამზადა. სერ როჯერ გეილის განცხადებით, მონიტორინგს ფრთხილი მიდგომა სჭირდება, რომ ეს პროცესი არჩევნების შედეგზე ზეგავლენის მოხდენად არ იყოს აღქმული.

მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციას წინ რამდენიმესაათიანი განხილვა უძღოდა, ქართული დელეგაციის წევრები გამოსვლებში სწორედ საარჩევნო სისტემაზე, მართლმსაჯულებასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე აკეთებდნენ აქცენტს.

მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში მხოლოდ საარჩევნო გარემოსა და სასამართლო სისტემაზე არ არის საუბარი. დასკვნაში დაგმობილია რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, სამხედრო აგრესია უკრაინაში. სწორედ რეზოლუციის ეს ნაწილი გახდა რუსული დელეგაციის წევრების მხრიდან კრიტიკის მიზეზი, რის გამოც დოკუმენტს არაობიექტური უწოდეს.

რუსული დელეგაციის წევრების გამოსვლებს მწვავე შეფასებები მოჰყვა ევროპელი დეპუტატების მხრიდან. ნორვეგიისა და დანიის დელეგაციის წარმომადგენლებმა რუს პარლამენტარებს დაპირებების შესრულებისკენ და მონიტორინგის პროცესში სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ევროპის საბჭო განსაკუთრებულ თვალყურს ადევნებს ყირიმში განვითარებულ მოვლენებს.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საბჭოს წევრ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს ყოველწლიურად ამზადებს. კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

დღის ამბები