30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
გიორგი გახარია აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომელიც ელჩის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ხელშესახებ შედეგზე, რომელიც ქვეყნებს შორისაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდის შესაძლებლობები.

საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 მლნ დოლარიანი პროგრამის განხორციელების ინიციატივა, რომელიც ახლახან გამოცხადდა. ის კარგ ეფექტს იქონიებს და საქართველოს მთავრობის მიერ განზრახულ ინიციატივებსაც გაამყარებს,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც ამერიკის ახალდანიშნულმა ელჩმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, 2020 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია.

"2020 წელი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან წინ ორივე ქვეყანას არჩევნები გველის. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე აქ და იმავეს გავივლით იქ - შეერთებულ შტატებში,"- განაცხადა ამერიკის ელჩმა.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო. მისი თქმით, გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

"შედგა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს შორის. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი. პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებულ შესაძლებლობებზე ორ ქვეყანას შორის. საუბარი შეეხო კონკრეტულ საკითხებს, პრიორიტეტებს, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას და გამოწვევებს რომელიც არის დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მთავრობის მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ.

დღის ამბები