30 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
Brexit - ევროკავშირი-ბრიტანეთის 47 წლიანი ისტორია სრულდება

დღეს ევროკავშირი-ბრიტანეთის 47 წლიანი ისტორია თბილისის დროით ღამის 3 საათზე (გრინვიჩის დროით საღამოს 11 საათზე ) დასრულდება. გაერთიანებული სამეფო ბლოკს ოფიციალურად დატოვებს და ბრექსიტი ძალაში შევა. 1 საათით ადრე კი პრემიერი ბორის ჯონსონი ვიდეომიმართვას გაავრცელებს.

სანამ მთავრობის მოქმედი მეთაური დუმს, კომენტარს აკეთებს ყოფილი პრემიერი დევიდ ქემერონი, რომელმაც ბლოკის დატოვების ინიცირება მოახდინა და ბრექსიტის თაობაზე რეფერენდუმიც ჩაატარა.

"ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დღეა. მართალია, დარჩენის სასარგებლოდ ვაწარმოებდი კამპანიას, თუმცა ვიცოდი ეს დღე აუცილებლად დადგებოდა. ეკონომიკურად ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ვართ და ეს წარმატება მომავალშიც გაგრძელდება," - აცხადებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი დევიდ ქემერონი.

დევიდ ქემერონს საკუთარი ინიციატივა თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ბრექსიტის თაობაზე მძიმე დებატებისა და პოლიტიკური კრიზისის გამო პოსტი ტერეზა მეიმაც დატოვა. ბრიტანელებისთვის მიცემული დაპირების ბოლომდე შესრულება კი მხოლოდ ბორის ჯონსონმა შეძლო.

ჯონსონის მომხრე ევროსკეპტიკოსებს წარმატებული მომავლის სწამთ. ეს ბრიტანეთისთვის დასასრული კი არა, ახალი ეპოქის დასაწყისია, - თანხმდებიან ბრექსიტის მომხრეები.

"ბრიტანეთის ადგილი აქ არ იყო. ცალკე უკეთესად ვიქნებით,"- აცხადებს  Brexit-ის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი.

მანამდე ევროკავშირმა ბრიტანეთის გასვლის ხელშეკრულება საბოლოოდ დაამტკიცა. ბრიუსელი კი ლონდონს ევროპარლამენტარების მიერ შესრულებული ემოციური სიმღერით დაემშვიდობა. ხელიხელჩაკიდებულმა დეპუტატებმა შოტლანდიური ხალხური სიმღერა შეასრულეს.  "არ დაივიწყოთ ძველი მეგობრები," - მღეროდნენ ევროპარლამენტში.

"ვემშვიდობებით ძველ მეგობარს. დღეს ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. წარმატებებს ვუსურვებთ მათ და შევახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ადგილი მოლაპარაკებების ევროპულ მაგიდაზე ყოველთვის იქნება," - ამბობს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი.

"კოლეგებო, ახლა ჩვენი ბრიტანელი კოლეგები ხმას უკანასკნელად აძლევენ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო თავიანთი გაწეული სამუშაოსთვის. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ," - აღნიშნავს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დიტა ჩარანზოვა.

"ბატონებო, ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იყო ევროკავშირის დატოვება. ამის მიუხედავად, ლონდონი ბრიუსელთან მჭიდრო ურთიერთობას აპირებს, რომელიც თავისუფალ ვაჭრობასა და მეგობრულ თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული," - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე.

თანამშრომლობაზე დაფუძნებული ევროგაერთიანების შექნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი, სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიტანეთი იყო. იდეა კი მაშინდელმა პრემიერმა უინსტონ ჩერჩილმა ამსტერდამში ჯერ კიდევ 1948 წელს გაახმოვანა. ინიციატივა რეალობად საფრანგეთმა მოკავშირეებთან ერთად აქცია. დეკლარაციაზე ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ ჟან მონემ იმუშავა. ბლოკმა განვითარების რთული გზა გაიარა - 6 ქვეყნის მიერ 1951 წელს შექმნილი ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობიდან 28-წევრიან სახელმწიფო კავშირამდე.

"ვიმედოვნებ, ვიხილო ევროპა, სადაც ყველა ადამიანი ერთი დიდი ოჯახის წევრი იქნება და თან თავისი ქვეყნის ნაწილადაც იგრძნობს თავს. ევროპის კონტინენტზე რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდნენ ეს ადამიანები, მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ სახლში არიან," - აცხადებდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი.

"ცალკე მდგომი ევროპული ქვეყნები ვერ შეძლებენ ევროპის აღორძინებას. ომი გადავიტანეთ. აუცილებელია სოლიდარობა და ერთიანობა," - ამბობდა ჟან მონე.

ევროპულ ოჯახს, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს აერთიანებდა, ახალ-ახალი წევრები წლების განმავლობაში ემატებოდნენ, თუმცა ბრიტანეთმა გაყრა გადაწყვიტა. ბრექსიტზე რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 52%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

დღის ამბები