30 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
იქ ჩასვლა, მათი დარწმუნება და ცნობიერების ამაღლება გამოსავალი არ არის - ოპოზიცია თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობას ვერ ხედავს

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული კრიტიკული წერილების საპასუხოდ, თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შტატებში გაემგზავრება. დაგეგმილ შეხვედრებზე იმ საკითხებს განიხილავენ, რაზეც საქართველოს მთავრობის მისამართით გამოგზავნილ კრიტიკულ წერილებში იყო საუბარი.

არჩილ თალაკვაძის დაგეგმილ ვიზიტზე ოპოზიციის ლიდერები წინასწარ შეფასებებს აკეთებენ. სერგი კაპანაძის განცხადებით, იქ ჩასვლა, მათი დარწმუნება და ცნობიერების ამაღლება გამოსავალი არ არის.

"ამერიკის საკანონმდებლო ორგანოდან ასეთი კრიტიკა არ მახსენდება, რეალურად ყველა ეს კონგრესმენი და სენატორი ერთ რამეს ითხოვს - შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ძალადობა, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. თუ გვინდა, რომ საქართველომ მეტი ზიანი არ მიიღოს, იქ ჩასვლა, მათი დარწმუნება და ცნობიერების ამაღლება კი არ არის გამოსავალი, არამედ გამოსავალი არის ამ ორი რაღაცის გაკეთება," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ. 

სალომე სამადაშვილის თქმით კი, აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ვერ იქნება მნიშვნელოვანი, თუ მას კონგრესმენების კრიტიკაზე კონკრეტული სათქმელი არ ექნება.

"მე ვერ ვხედავ მხოლოდ ვიზიტის მნიშვნელობას, თუ ამ ვიზიტის დროს პარლამენტის თავმჯდომარეს არ ექნება რაიმე კონკრეტული სათქმელი იმ დაგეგმილ რეფორმაზე, რაც საარჩევნო სისტემას ეხება. ასევე მას უნდა ჰქონდეს პასუხი შეკითხვებზე, რომელიც პოლიტიკურ დევნას ემსახურება. მხოლოდ ცარიელი ვიზიტი არანაირ შედეგს არ გამოიღებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა. 

რაც შეეხება "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებას, მისი აზრით, ვიზიტი ამ პრობლემას ვერ გამოასწორებს, რადგან წერილები პრობლემის გამოხატულებაა.

"ვერც თალაკვაძისა და ვერც ფართომასშტაბური ვიზიტი ამ პრობლემას ვერ გამოასწორებს, რადგან წერილები პრობლემის გამოხატულებაა. პრობლემების ძირი კი არის "ქართული ოცნების" უმოქმედობა, ქვეყნის კურსის შეცვლა, ევროპულ-დასავლურ ღირებულებებთან მკაფიო კონფლიქტი და ქართველი ხალხის დაღალატება. არც ერთი დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა დადო, არ შეასრულა," - განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები