30 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
15 წლის გოგონას სექსუალური ექსპლუატაცია ფინანსური სარგებლისთვის - ტრეფიკინგის საქმეზე მსხვერპლის და დააკავეს

ქალი, რომელიც არასრულწლოვან დას სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა უკვე დაკავებულია. ბინა, სადაც 15 წლის მოზარდი საკუთარ დასთან ერთად ცხოვრობდა დაკეტილია. 

ოჯახის შესახებ მეზობლები ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა, ამბობენ რომ სახლთან ხშირად ხედავდნენ საეჭვო პირებს.

არასრულწლოვანი მსხვერპლი გოგონას და, ერთადერთი ბრალდებული არ არის, რომელიც სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის მუხლით დააკავეს. საქმეში ფიგურირებს ოჯახის ნაცნობი 50 წლის მამაკაციც, რომელიც ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით, მოზარდს სექსმუშაკად მუშაობას აიძულებდა.

მამაკაცის ახლობლებს კამერებთან საუბარი არ სურთ, თუმცა დაკავებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული ნაქირავები ბინიდან აიყვანა.

საპირისპიროს საუბრობენ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის მეზობლები. თვითმხილველი "კურიერთან" ყვება, რომ ბინაში არასრულწლოვნები ხშირად იკრიბებოდნენ, იყო ხმაური და საეჭვო ვითარებაც.

გამოძიებით ირკვევა, რომ ტრეფიკინგის სქემაში ჩართული იყო ტაქსის მძღოლიც, რომელიც კლიენტებთან არასრულწლოვანის მიყვანას უზრუნველყოფდა. გოგონა ძირითადად სასტუმროებში და დღიურად ნაქირავებ ბინებში მიყავდათ. ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინებით დააკავა.

გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა, სხვა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, ასევე არ არის გამორიცხული დაზარალებულთა რიცხვიც გაიზარდოს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მოწმეები კი იკითხებიან.

ვიდეო ჩანაწერები, სატელეფონო საუბრები, მოწმეთა ჩვენები - ეს ის ძირითადი მტკიცებულებებია, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, დაზარალებული გოგონა კი სოცმუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალურ თავშესაფარშია გადაყვანილი.

გამოძიება არასრულწლოვანთა მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს. სასამართლომ სამივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები