30 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
რატომ დააკავეს 24 წლის მეზღვაური თურქეთში - ახალგაზრდა ბიჭთან კონტაქტს მშობლები უშედეგოდ ცდილობენ

უკვე ერთი კვირაა, ოჯახი თურქეთში გაუჩინარებულ ქართველ მეზღვაურს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ის თურქმა სამართალდამცველებმა მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ჯერ უცნობია. 

არსებული ინფორმაციით, ქართველი მეზღვაური პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან თურქმა სამართალდამცველებმა იმ არგუმენტით ჩაიყვანეს, რომ ის ჰგავდა პირს, რომელსაც უკვე დიდი ხანია ეძებს თურქეთის პოლიცია. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად თურქეთში ჩავიდა მეზღვაურის მამა, თუმცა ხვალ ის საქართველოში ისე ბრუნდება, რომ შვილთან კომუნიკაცია ვერანაირი ფორმით ვერ შეძლო. ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ შესაძლებელია დაკავების მიზეზის წარსულში ჩადენილი დანაშაული ყოფილიყო. ვრცელდება ვერსია კონტრაბანდულ სიგარეტსა და გაურკვეველ ნივთიერებაზე, თუმცა ეს ვერსია ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია. მათი თქმით, ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეს ადამიანი თურქეთში არაერთხელ იმყოფებოდა და იმ შემთხვევაში, თუ მას თურქ სამართალდამცველებთან პრობლემა ჰქონდა, მას გაცილებით ადრე დააკავებდნენ.

"ვარ ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ არ ვიცი ჩემი შვილი როგორ არის, სად არის, სად იმყოფება, რატომ წაიყვანეს, რის გამო, არ ვიცი არაფერი. რაც წაიყვანეს, მას მერე მასთან კონტაქტი არ მქონია და არაფერი არ ვიცი. გემიდან არის აყვანილი, გაიყვანეს მოტყუებით, რომ რაღაც შეკითხვები გვაქვსო და წაიყვანეს, არაფერი არ ვიცით. ასე თქვეს, 3 წლის ამბავიაო და ვერ წარმომიდგენია. ჩემი შვილი ცურავდა - 1 წელი წასული იყო,"- განაცხადა დაკარგულის დედამ "კურიერთან" საუბრისას.

"პირველად, მასთან ერთად ვინც ცურავდა გემზე, ქართველია და იმან დაგვირეკა, წაიყვანესო და მაგით გავიგეთ და მერე უკვე, მამა რომ ჩავიდა თურქეთში, გემის კაპიტანი ვინც არის, იმას დაელაპარაკა. თურქული კომპანიაა, მაგრამ პანამის დროშის ქვეშ ცურავს,"- განაცხადა დაკარგულის ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს თამარ იოსელიანს თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს, თუმცა აცხადებს, რომ მეზღვაურის დაკავება არ უკავშირდება მის პროფესიას და დაკავშირებულია მის საქმიანობასთან სხვა მიმართულებით.

"24 იანვარს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის, პროფესიით მეზღვაურის თურქეთში დაკავებასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ მყისიერი რეაგირება გვქონდა და ინფორმაცია მივაწოდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. აღნიშნული პიროვნება არ არის დაკავებული პროფესიული ნიშნით, მის პროფესიასთან და დასაქმებასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს უკავშირდება მის საქმიანობას სხვა მიმართულებით,"- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

​​

დღის ამბები