30 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
რუსეთს PACE-ში ხმის უფლება შეუნარჩუნდა - სტრასბურგში დებატებისას ოკუპანტ ქვეყანას შეუსრულებელი ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენეს

96 მომხრე/44 წინააღმდეგი - რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების თითქმის 1-კვირიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ევროპის ტრიბუნიდან ქართველმა, უკრაინელმა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დელეგაციებმა ოკუპანტ ქვეყანას შეუსრულებელი ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენეს.

მწვავე შეფასებებს და კრიტიკას რუსული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმენდა. ოკუპანტი ქვეყნის დელეგატები პოზიციების გამყარებას თავდასხმით შეეცადნენ.

რუსულ დელეგაციას მხარდაჭერა დარბაზშივე გამოუცხადეს მოლდოვის და სომხეთის წარმომადგენლებმა. მათ გერმანელი პოლიტიკოსი ფრანკ შვაბეც შეურთდა.

ბრიტანელმა დეპუტატმა კოლეგებს საკითხის რამდენიმე თვით გადადება შესთავაზა. სერ როჯერ გალეს თქმით, ამ პერიოდში მოსკოვში ევროსაბჭოს წარმომადგენლები მონიტორინგს განახორციელებენ და შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების ამის შემდეგ მიღება.

ევროპულ ღირებულებებსა და რუსულ ფულს შორის ბრძოლად შეაფასა უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე მსჯელობა. ალექსეი გონჩარენკომ მწვავე გამოსვლაში აქცენტი საქართველოს ტერიტორიებისა და ყირიმის ოკუპაციაზე გააკეთა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის წევრების უფლებამოსილების ცნობა 27 იანვარს მოხდა. პროტესტის მიუხედავად, ამ ეტაპზე ასამბლეის უმრავლესობა მზად არ აღმოჩნდა რუსული დელეგაციისთვის უფლებამოსილება ისევ შეეჩერებინა.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები