30 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
მოსწავლის ცემის ფაქტი თელავის სკოლაში - რა სასჯელი დაეკისრება სავარაუდო მოძალადე მასწავლებელს, ჯერჯერობით უცნობია

თელავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. 

აღნიშნული ფაქტი 22 იანვარს მოხდა. საგაკვეთილო პროცესის დროს ბიოლოგიის მასწავლებელმა 11 წლის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გაიყვანა და დერეფანში ხელით შეეხო.

ფაქტს სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. დირექტორ მაია ოთარაშვილის ინფორმაციით, მომხდარი თავად დაინახა, რაც ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა.

მომხდარს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა, დაეკისრება თუ არა პედაგოგს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სასჯელი.

თელავის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელსაც 11 წლის მოსწავლეზე ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, ინფორმაციას ძალადობის შესახებ გაზვიადებულს უწოდებს. 60 წლის პედაგოგი ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს, ის არც შემთხვევის დეტალებზე საუბრობს, რასაც ბავშვის ინტერესებით ხსნის.

11 წლის ბიჭის დედა "კურიერს" უყვება, რომ მასწავლებელმა მოსწავლე კლასიდან გამოიყვანა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ძირს დააგდო და საკლასო ოთახში დაბრუნდა.

სკოლის ადმინისტრაცია და ადგილობრივი რესურცენტრი ადასტურებენ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო. ამბობენ, რომ ფაქტი სათვალთვალო კამერამაც აღბეჭდა. პედაგოგი დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების მოლოდინში სკოლაში რჩება, თუმცა კლასში, სადაც ინდციდენტი მოხდა, მხოლოდ მეთვალყურე პირთან ერთად შესვლის უფლება აქვს.

შემთხვევის შესახებ მანდატურის სამსახურმა დარღვევის ოქმი შეადგინა, თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ მართლწესრიგის ოფიცერი სკოლაში არ გამოიძახეს, რადგან 11 წლის ბიჭს დაზიანება არ მიუღია.

რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ, ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილება ამავე სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს.

დღის ამბები