30 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი - მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

"რუსთავი 2"- ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. დაცვის მხარემ კი მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მტკიცებულების არ არსებობის მოტივით სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, "რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს, ზურაბ იაშვილს წაუყენა.

"როდესაც მოსამართლემ იკითხა საპროცესო გარიგებას ხომ არ სთავაზობს პროკურატურა გვარამიასო, ჩემი პასუხი იყო შემდეგი. შემდეგ ცხოვრებაში, მე შევთავაზებ ამ პროკურორებს საპროცესო გარიგებას, სანაცვლოდ იმ ჩვენებისა, რომელიც ამ საქმეზე სინათლეს შემოიტანს. ვინ ავალებდა, როგორ ავალებდა, რას ავალებდა, როდის და რატომ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ საქმე რეალურ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა. 

"ეს საქმე, რომელიც წარდგენილია დამენია-გვარამია-იაშვილის წინააღმდეგ ეს არის პროკურატურის სურვილების საქმე და ეს არ არის რეალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი საქმე. ეს საქმე ამავე სასამართლოშიც კი, მარგინალიზდება და ამავე სასამართლოშიც კი, ამ საქმის გამოკვლევის დროს, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ არანაირ კრიმინალურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოს დეტალურად აუხსნა, თუ რაში გამოიხატებოდა თითოეული ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული:

"სასამართლოს დეტალურად ავუხსენით, რაში გამოიხატებოდა თითოეული ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. ჩვენ ვისაუბრეთ სამივე ეპიზოდზე, კერძოდ ეს არის რუსთავი2-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდი, სასამართლოს ავუხსენით, თუ რა ქმედებებით მოახდინეს ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ რუსთავი2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა,"- განაცხადა გუბელაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები