30 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
მოწმის დღევანდელი ჩვენების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯანაშიამ იცრუა - მიხეილ კალანდიას ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას პროცესი დასრულდა. დაიკითხა ბრალდების მოწმე, არასრულწლოვანი, რომელიც მკვლელობას თავადაც შეესწრო.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, მოწმის ჩვენება სხვა მოწმეების ჩვენებას არ ემთხვევა და ცხადყოფს, რომ ჯანაშიამ და ბარბაქაძემ ჩვენებების მიცემის დროს იცრუეს. 

"ამ მოწმემ დაასახელა დღეს ის ლოკაცია, საიდანაც უყურებდა ფაქტობრივ გარემოებას და მის მიერ აღწერილ გარემოებაში ჯანაშიას და ბარბაქაძის მდგომარეობა, როდესაც ისინი ამბობენ, რომ თითქოსდა, დაინახეს ეს კალანდია თუ რას აკეთებდა და რა მდგომარეობაში იყო, ამ მოწმის მიერ მოცემული ჩვენებით ეს არ დასტურდება. აქედან გამომდინარე, ჯანაშიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თითქოსდა კალანდია მან დაინახა დანისმაგვარი საგნით, სისხლიანი ხელით თუ ქურთუკით და ა.შ. არის ცრუ და არ შეესაბამება სინამდვილეს,"- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ ფარდულში ჯანაშიასთან და სარალიძესთან ერთად კალანდიაც იმყოფებოდა.

"მოწმემ განაცხადა, რომ მან დაინახა უშუალოდ შეხვედრის ადგილზე ბრალდებული მ.კ. თუ როგორ შევიდა სწორედ იმ ფარდულში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვლილი დავით სარალიძე და, ასევე, ამავე საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ. მოწმემ, ასევ ისაუბრა იქ მყოფი პირების როლზე, თუ ვინ რა მოქმედებას ახორციელებდა იმდენად, რამდენადაც მან შეძლო, რომ ეს დაენახა და აღექვა,"- განაცხადა პროკურორმა.

სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დაცვის მხარემ დღეს გიორგი ჯანაშიას ჩვენების ოქმი გამოითხოვა, რომლის საფუძველზეც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

დღის ამბები