30 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
არჩილ თალაკვაძის მორიგი განმარტება პროპორციული სისტემის შეუსრულებლობაზე - ოპოზიცია შეთავაზებას კვლავ არ იღებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ჯერ დაპირებულ და შემდეგ შეუსრულებელ პროპორციულ არჩევნებზე მორიგ განმარტებას აკეთებს.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პროპორციული სისტემით 2020 წლის არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით მიიღო, თუმცა, ოპოზიციას სურდა დესტაბილიზაცია და არა პროპორციული არჩევნები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ოპოზიცია აღიარებით ჩვენებას უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ დაპირება წინასწარ იყო განწირული. მათივე განცხადებით, ქართული ოცნების საქციელს, რომელმაც საზოგადოებასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაც გამოიწვია, გამართლება არ აქვს.

ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები კი, რომლებმაც ცვლილებების მიღებას მხარი არ დაუჭირეს, საკუთარ გადაწყვეტილებას, ოპოზიციის ქმედებებს აბრალებენ.

პროპორციული არჩევნების ჩავარდნის შემდეგ დაწყებული პროტესტი კი გრძელდება. დღეს, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე, პარლამენტის პიკეტირება ისევ გადაწყდა. ისინი პარალელურად მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვისაც ემზადებიან, თუმცა წინასწარ აცხადებენ, რომ ხელისუფლების შეთავაზებას არ დათანხმდებიან.

უმრავლესობა ისევ საკუთარ პოზიციაზე რჩება. მმართველი გუნდის საბოლოო შეთავაზებად კვლავ 100-50-ის პრინციპი რჩება.

გაერთიანებული ოპოზიცია მეხუთე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ოდირის დასკვნის მოლოდინშია, რომელმაც მათი შეთავაზების, ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა უნდა დაადგინოს. ორგანიზაციის შეფასება ცნობილი. სავარაუდოდ ორ კვირაში გახდება.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები