30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ოპოზიცია საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე აქციების განახლებას გეგმავს

4 თებერვალს პარლამენტის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე აქციების განახლებას გეგმავს. პარალელურად ლიდერები ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებიან. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს ოპოზიციამ მორიგი შეხვედრა გამართა და გეგმები შეაჯერა.

"ჩვენ თუ მივდივართ ამ რაუნდზე, სადაც ხელისუფლება იმეორებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ყველა მისი წარმომადგენელი ამბობს თქვენთან კომენტარების დროს, რომ ფეხი არ მოეცვლება 150-ს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელს ხდის ამას ის, რომ საქართველოში 2020 წლის ჩათვლით, მომავალში არასდროს არ უნდა გაიმართოს პროპორციული არჩევნები, მაშინ ამ დიალოგს არავითარი აზრი აღარ აქვს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თუ გონიერება გააჩნია, მოუწევს დათმობა საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის.

"4 თებერვლის აქციაზეც ვილაპარაკეთ, ეს არ არის რაღაც მასშტაბური და კულმინაცია აქციის, ბუნებრივია, მაგრამ ეს არის შეხსენება ხელისუფლებისათვის, რომ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე უარის თქმა საზოგადოების მოტყუებას ნიშნავს.

"საზოგადოება ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას. აქედან გამომდინარე ის, რაც მიღწეული იქნა საზოგადოების დიდი ძალისხმევით -  კონსტიტუციაში აისახა, რომ ვადამდელი არჩევნები 2020 წლის შემდეგ ჩატარდება პროპორციული სისტემით და შემდგომი არჩევნები ყველა პროპორციული სისტემით, ამაზე უარის თქმა ნიშნავს საზოგადოების მოტყუებას. აქედან გამომდინარე ოპოზიცია გამოდის როგორც საზოგადოების მოთხოვნის დამცველი," - განმარტა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები