30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლას ეხმაურებიან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის განცხადება, რომ მზადაა, ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს.

"28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთვის სიტყვით მიმართვისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. 

აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, მოიაზრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შესვლა აკრძალულია, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, "კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს."

"გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა. 

იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების უზრუნველყოფა ევალება არა პრეზიდენტს, არამედ საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ გაკეთდეს მკაფიო და საჯარო განცხადებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე, " - აღნიშნული მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მწვანე ალტერნატივა; მრავალეროვანი საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

დღის ამბები