30 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ცდება ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას, კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი - კალაძე კონგრესმენების კრიტიკაზე

დედაქალაქის მერისა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან გაკეთებული განცხადებების ტონი მიუღებელია.

კალაძის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები სცდება მეგობრულ ურთიერთობას და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კანონმდებლები მეგობარ ქვეყანას ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ.

"განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ცდება ყოველგვარი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. მხედველობაში მაქვს "ფრონტერა". ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ.

კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები," - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო პერიოდში კონგრესმენების კრიტიკას და მათი მხრიდან "ფრონტერას" ხსენებას, ხელისუფლება ამ კომპანიის ლობისტებს უკავშირებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ კონგრესმენების ის ნაწილი, რომლებიც "ფრონტერას" ახსენებენ და ამ კონტექსტში ამერიკულ კომპანიებზე ზეწოლაზე საუბრობენ, "ფრონტერას" ინტერესების გამტარები არიან.

მათივე განცხადებით, ეს უსამართლო პოზიციაა, რადგან საეჭვო რეპუტაციის მქონე ამ კომპანიის წინააღმდეგ საქმე საერთაშორისო არბიტრაჟშია. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს არა ვაშინგტონის, არამედ კონგრესის ერთეული წევრების პოზიციაა.

დღის ამბები