30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
PACE-ში რუსეთისგან საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ

რუსეთის დელეგაციისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის შესაძლო შეჩერების საკითხი, მონიტორინგის კომიტეტმა ჩააგდო. საქართველოსთან ერთად რუსული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას უკრაინა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები აპროტესტებდნენ. ოპოზიციაშიც და მმართველ პარტიაშიც თანხმდებიან, რომ თუ რუსული დელეგაციის მუშაობა ამ სესიის ფორმატში არ შეიზღუდა, ზეწოლას მომდევნო სესიებზეც გააგრძელებენ.

მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ რუსული დელეგაციის წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს საკმარისი მხარდამჭერები არ აღმოაჩნდათ და კომიტეტმა რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.

რუსული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერი საქართველოსთან ერთად უკრაინაც არის. უკრაინული დელეგაციის წევრის შეფასებით, მისასალმებელია, რომ რუსულ დელეგაციას ათასობით ევროპელის წინაშე თავის მართლება მოუწევს, თუ რატომ არ ასრულებს საქართველოსა და უკრაინის წინაშე საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს. სწორედ შეუსრულებელი ვალდებულებებია ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დღის წესრიგში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დადგა.

რუსულ დელეგაციას შეუსრულებელი ვალდებულებები დღეს ევროპის საბჭოს იურიდიული კომიტეტის სხდომაზეც შეახსენეს. ამ სხდომაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება მოსთხოვა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხება და რის გამოც რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. საქმე საქართველომ 2019 წელს მოიგო, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ამ დრომდე არ ხდება.

მითითების და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსული დელეგაციის წევრები ამბობენ, კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტში დღეს ჩავარდა, ასამბლეის სხდომაზე ხვალ კენჭისყრაზე მაინც გავა და საბოლოო გადაწყვეტილებასაც სწორედ სხდომაზე მიიღებენ.

ავტორი: ქეთევან ზანთარაია

დღის ამბები