30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
გოგაშვილმა შური იძია, ამ დარტყმას მპირდებოდა სისხლიანი სისტემა, თუ არ ვითანამშრომლებდი - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით აღძრული საქმის შეწყვეტას ელოდა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მთავრობა გარიგებას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თემირლანის ტერორისტად გამოცხადებით ემუქრებოდა. 

"დღეს ისეთი დარტყმა იყო საბოლოოდ. რასაც მპირდებოდა დღევანდელი სისხლიანი, გახრწნილი სისტემა. არ იქნები ჩვენთან? არ ითანამშრომლებ? ჩვენ საბოლოოდ ასეთ შედეგს დავდებთ და ვიტყვით, რომ თემირლანი იყო ტერორისტი. ითანამშრომლებ? ნაწილობრივ ვაღიარებთ, ხოლო შემდგომში მთლიანად ვაღიარებთ, რომ თემირლანი არ იყო დამნაშავე.

 გოგაშვილო, შენ გინდა იმის თქმა, რომ იქ მოკლული სპეცრაზმელის გამო შური იძიე, ხომ თემირლანზე? ვნახოთ. ერთი დღით არ მთავრდება ეს ყველაფერი, სამართალი იზეიმებს. სამართალი თავის სიტყვას იტყვის,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პრესკონფერენციაზე ისაუბრა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა იმნაძემაც. იმნაძე მიიჩნევს, რომ ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნამდე, პროკურატურა პრობლემური საქმეების მოშორებას ცდილობს.

"აშკარად ჩანდა, რომ ამ გამოძიებას რეალური შედეგები არ მოჰყვებოდა და კონკრეტული დამნაშავე პირების იდენტიფიცირება არ მოხდებოდა. ჩვენ იმთავითვე გვქონდა ნდობა დაკარგული გამოძიების პროცესის მიმართ, იმიტომ, რომ გამოძიების პირველივე ფაზაზე გამოჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების უკანონო და თვითნებური ინტერვენცია გამოძიების პროცესში. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მთავარი პროკურატურა შოთაძის დანიშვნამდე არსებული სისტემა ცდილობს, რომ ყველა პრობლემური საქმისგან სისტემა გაწმინდოს. ჩვენ ფორმალურად გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრებთ. ჩვენ აქვე მოვუწოდებთ პროკურატურას მოგვცეს დაშვება თემირლანის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. თქვენთვის ცნობილია, რომ ამ საქმეზე თემირლანს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ბრალდებულის სტატუსი არ მიანიჭეს. შესაბამისად, მათ ვერ მოახერხეს ვერც საკუთარი თავის და ინტერესების დაცვა,"-განაცხადა თამთა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. 

დღის ამბები