30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ორივე დიალოგი უნდა გამოცოცხლდეს -  ზურაბიშვილის თქმით, ჟენევის და IPRM-ის შეხვედრები ძირითადად უშედეგოა 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპაციის თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება. ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

"რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თითქმის 12 წელი გავიდა და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება. საოკუპაციო ხაზი მუდმივად იცვლება, ხოლო გამშვები პუნქტები ხშირად დაკეტილია, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს. ცხინვალის გამშვები პუნქტი სექტემბრიდან დახურულია, რაც ხშირად ადამიანური ტრაგედიით სრულდება, - მაგალითად, ასეთი ტრაგედია იყო მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება. ის არ გამოატარეს საქართველოს ტერიტორიაზე, რათა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიეღო.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად ეზღუდებათ უფლებები - ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობა; იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება- როგორც ქართულად, ისე - აფხაზურად და ოსურად; მიმდინარეობს რუსიფიკაცია. ასევე, გრძელდება ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია გალის ტერიტორიაზე, სადაც იგი უმცირესობაშია.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლები გაყოფილია; ხშირია მოქალაქეების გატაცება, "გამოსასყიდის" მოთხოვნა, წამების შემთხვევები და მკვლელობებიც კი არარსებული "საზღვრის" გადაკვეთისთვის, რომელიც ხან ეზოს, ხან - სოფელს, ხან კი - სასაფლაოებს ყოფს. ბოლო ინციდენტი ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო. იგი ადგილობრივი პაციენტის დასახმარებლად გადავიდა. ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ პრინციპებს და ქმნის საფუძველს შემდგომი ესკალაციისთვის. მინდა გამოვიყენო დღევანდელი შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელმაც დიდ ძალისხმევა ჩადო ექიმ გაფრინდაშვილის ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებაში,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორების მისიის არშეშვებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა.

"აღსანიშნავია, რომ ადგილზე ვითარების მონიტორინგი შეზღუდულია, ვინაიდან რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ უშვებს. ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა,"- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ჟენევის დისკუსიებზე და IPRM-ის შეხვედრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს შეხვედრები ძირითადად უშედეგოა.  ზურაბიშვილის თქმით, უნდა აიწიოს ამ შეხვედრების პოლიტიკური დონე, რათა ისინი კონფლიქტის მართვის კი არა, მისი მოგვარების მექანიზმად ჩამოყალიბდეს:

"ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმებით ტექნიკური საკითხების მოგვარება იშვიათად მიიღწევა. როგორც კი მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რუსული მხარე ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას. დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი. ორივე დიალოგი უნდა გამოცოცოხლდეს, აიწიოს პოლიტიკური დონე, რათა ისინი კონფლიქტის მართვის კი არა, მისი მოგვარების მექანიზმად ჩამოყალიბდეს,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა და ის მუშაობს იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე აიყვანოს:

"მჯერა, რომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას. გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია. მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება!

ჩვენ გვჭირდება ყველას ჩართულობა და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კონფლიქტის მოგვარების გზა ვიპოვოთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და უზრუნველვყოთ თავისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო.

მოვუწოდებთ  ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით - დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად - ადამიანების გაერთიანებისკენ.

საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილიდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები