30 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
არსებობს ფაქტები, რომელიც ნაცმოძრაობისა და ისლამური სახელმწიფოს ალიანსს ადასტურებს - იოსებ გოგაშვილი​

"არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალი წაგვეყენებინა, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრისა და ტერორისტულ საქმიანობაში ხელშემწყობი პირისთვის,"- ეს განცხადება სუს-ის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა გააკეთა, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უკვე 2 წელია, რაც თემირლანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

იოსებ გოგაშვილის თქმით, ის საერთაშორისო კავშირებს გამოიყენებს და ყველას გააცნობს ფაქტებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და ისლამური სახელმწიფოს ქვეყნების ალიანსს ადასტურებს.

"ერთი საქმე შეწყდა თვითონ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც შეწყდა გარდაცვალების გამო. არსებული მტკიცებულებები ყველანაირად იყო საკმარისი, რომ ბრალი წაგვეყენებინა და მიგვესაჯა ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და ტერორისტულ საქმიანობაში ხელშემწყობი პირი.

თავიდან, ოჯახის მხრიდან, ჩემს მიმართ არ გაჟღერებულა არანაირი ბრალდება, მაგრამ შემდეგ, როდესაც პოლიტიკური პროცესები შემოვიდა ამ საქმეში, მას შემდეგ დაიწყეს მათ კონკრეტული ბრალდებები.

საზოგადოება იმსახურებს, რომ იცოდეს, და არამარტო საზოგადოება - მე გამოვიყენებ ჩემს საერთაშორისო კავშირებს, რომლებიც, ღმერთის წყალობით, ბოლო წლების განმავლობაში დავაგროვე, რომ ყველას მივაწოდო ის ინფორმაცია, ის მტკიცებულებები და ფაქტები, რაც ადასტურებს ნაცმოძრაობის და ისლამური სახელმწიფოს ქვეყნების ალიანსს ერთმანეთთან,"- განაცხადა იოსებ გოგაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე დაიხურა, თუმცა გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც პროკურატურის ვერსიით, მაჩალიკაშვილთან ერთად კავშირში არიან ტერორისტული დაჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის საქმესთან. საუბარია სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც უკავშირდებოდა 2017 წლის დეკემბერში სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს. გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახი უკვე ორი წელია ბრალს სოსო გოგაშვილს სდებს და მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. თავის მხრივ, სუსის ხელმძღვანელობა თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა ახმედ ჩატაევთან და მასთან ერთად ლიკვიდირებულ ტერორისტებთან.

დღის ამბები