30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
თუ ხელისუფლება მოლაპარაკებებზე იმავე წინადადებით დაბრუნდება, მაშინ დიალოგი ყველანაირ შინაარსს დაკარგავს - გრიგოლ ვაშაძე

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია. პარალელურად კი, არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება შეასრულოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ხელისუფლება იმავე წინადადებით წარსდგება, დიალოგის გაგრძელებას ყველანაირი შინაარსი დაეკარგება.

"ყველაფერს გააკეთებენ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის შენარჩუნებისთვის. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა მათთვის სრულიად მიუღებელია. თუ ხელისუფლება ისევ დაბრუნდება მაგიდასთან იმ წინადადებით, რომელიც ითვალისწინებს მოყირჭებულ 150-ს, ასევე მოყირჭებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში არასდროს არ უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, პირადად მე და პარტია, რომელსაც წარმოვადგენ ვიტყვით, რომ დიალოგმა ყველანაირი შინაარსი დაკარგა," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება "გონს უნდა მოეგოს" და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გაცემული დაპირება შეასრულოს.

"ივანიშვილის პერსონალურ ინტერესებშია, რომ დროზე მოეგოს გონს და რა დაპირებაც გასცა საზოგადოების წინაშე გავრილოვის ღამის შემდეგ, ის დაპირება შეასრულოს ამა თუ იმ ფორმით. იქნება ეს საკონსტიტუციო ცვლილებებით თუ, რაც ჩვენ შევთავაზეთ მათ საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე, სწრაფად ამ პრობლემის მოგვარება. ორივე გზა შესაძლებელია. რას იზამენ მე არ ვიცი, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ეს არის გზა ქვეყნის დაზიანებისა და საკუთარი თავის პოლიტიკური დაღუპვისკენ მიმართული," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უზრუნველყონ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები დაუბრუნდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფორმატს.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და პარლამენტში დაუყონებლივ წარადგინოს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

მიმართვას 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს და არგუმენტად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, დასახელებულია ის კრიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებისგან დაიმსახურა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები