30 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი გამოძიებას დაზარალებულად ჯერ არ უცვნია - ენმ ფიზიკური დაპირისპირების მტკიცებულებებს ევროსაბჭოში გააგზავნის

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს თბილისის საკრებულოში - ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოსთან მისული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ძალადობაში მონაწილე დეპუტატების გარიცხვას ითხოვდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა "გაბედეს" და "სირცხვილიას" წვერებმა საკრებულოში შესვლა და თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. თვითმმართველი ორგანოს უსაფრთხოების სამსახურმა ისინი შენობაში არ შეუშვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დეპუტატის ფოტო ნაგვის ბუნკერებს მიაკრეს.

საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შენობიდან აკვირდებოდა. ნიკოლოზ ჭონქაძის თქმით, აქციის მონაწილეებს პროვოკაციის მოწყობის საშუალებას არ მისცემს. 

საკრებულოსთან აქციის დასრულების შემდეგ ხაბეიშვილი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში მეორედ მივიდა. დეპუტატს ადვოკატთან ერთად საქმეში არსებული მტკიცებულებები გააცნეს. დაზარალებულად ცნობაზე კი უარი უთხრეს. 

პოლიციის სამმართველოში ინციდენტში მონაწილე საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც იმყოფებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა და დეპუტატი ავთო ცინცაძე ოპონენტის ცემის ფაქტზე თავს დამნაშავედ არ თვლიან და ამბობენ, რომ გამოძიებასთან მომავალშიც ითანამშრომლებენ. 

გამოძიების დასრულებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აპირებენ, ევროსაბჭოს თვითმმართველობის ასოციაციას თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ყველა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეომასალა, გადაუგზავნონ.

დღის ამბები