ე.წ. ჩინური ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 80-ს სცდება. ინფიცირებულია 3000-მდე ადამიანი. პეკინიდან ჰუბეის პროვინციაში დამატებით ჩაიყვანეს მედიკოსები. ჩინეთის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის 44 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველომ ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების გამო კორონავირუსის პრევენციისთვის ქვეყანაში ჩინელების დასაქმებისა და ჩასახლების ადგილებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მონიტორინგი დაიწყო.
მგზავრთა მონიტორინგი მიმდინარეობს საქართველოს აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. მგზავრები სპეციალურ კითხვარებს ავსებენ, მოწმდება მათი ბარგიც.
ქართველი ექიმები კორონავირუსის მუტაციაზე საუბრობენ. ე.წ. ჩინური ვირუსი სწრაფად ვრცელდება ადამიანებზე, იწვევს მწვავე რესპირატორულ სიმპტომებს და პნევმონიას. როგორც მედიკოსები ამბობენ, ვირუსი დაავადების ნაადრევ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნებადია.
გაფართოვდა დაავადების გავრცელების არეალიც - კორონავირუსის შემთხვევებია საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ტაილანდში, ტაივანში, იაპონიაში, ნეპალში, კანადაში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და ვიეტნამში.