30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აეროპორტებში სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი ამ დროისთვის საქართველოში ძალიან დაბალია, პრევენციისთვის მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურები კვლავ აქტიურად აგრძელებენ. მედიკოსების რეკომენდაციები მოქალაქეებისთვის ასეთია - თუ გაგრძელდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურა, ხველა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები აეროპორტებში სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმის, ზაურ ჯიქიას ინფორმაციით, მესამე დღეა ყველა მგზავრს შესაბამისი აღჭურვილობით ამოწმებენ.

"უკვე მესამე დღეა ჩვენ ვამოწმებთ მგზავრებს, დისტანციური თერმომეტრით ვუზომავთ სიცხეს, ვაწვდით ინფორმაციას კორონავირუსის სიმპტომატიკის შესახებ. ჩვენს აღჭურვილობაში შედის დისტანციური თერმომეტრი, პირბადეები და, საჭიროების შემთხვევაში, C რისკის ჯგუფის ბიოლოგიური აღჭურვილობა,"-განაცხადა ზაურ ჯიქიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა. ამ დროისთვის, დაავადებამ უკვე 81 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ახალმა ვირუსმა მსოფლიოს უკვე 10 ქვეყანაში შეაღწია.

დღის ამბები