30 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
თქვენი მხრიდან, ისეთი კომპანიის დაცვა, როგორიც "ფრონტერაა", ყველაფერს ჩრდილს აყენებს - ბექა ნაცვლიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს წერილით მიმართა

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი  ამერიკული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი  კომპანია "ფრონტერას" საქმიანობის შესახებ დღეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს წერილით მიმართა.

"დიდი წუხილით ვაკვირდები აშშ ოფიციალური პირების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილებს, რაც, ერთი მხრივ, მიმართულია ქართველი ხალხის გაძლიერებისკენ, მაგრამ, მეორე მხრივ, იცავს ამერიკული კომპანიების ინტერესებს, განურჩევლად მათი საქმიანობისა. ამ შემთხვევაში საუბარია ამერიკის ნავთობისა და გაზის კომპანიაზე "ფრონტერა".  მივესალმები უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში, რომლებიც ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და  გვეხმარებიან სიღარიბის დაძლევაში. თუმცა,  მოვითხოვ რომ, როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი კომპანიების ნებისმიერი ტიპის ბიზნეს აქტივობამ, თანაბარი სარგებელი მოუტანოს დასაქმებულსაც და ბიზნესსაც. არ შეიძლება ბიზნესი ვითარდებოდეს ქართველი ხალხის, ჩვენი მშრომელი მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე.

მე საპარლამენტო უმრავლესობა ერთი წლის წინ დავტოვე. ჩემი გადაწყვეტილება გაამყარა უზანაესი სასამართლოს მოსამაართლეების არჩევის ირგვლივ  მიმდინარე პროცესებმა. მე ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების  ოკუპაციის წინააღმდეგ და მის ძალისხმევას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ასევე, ვიზიარებ ქართული ოცნების მიმართ თქვენს კრიტიკას, რაც დაპირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმასა და საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებას მოჰყვა.  მაგრამ, კომპანიების ბიზნეს აქტივობა სულ სხვა საკითხია, განსაკუთრებით კი, კომპანიის "ფრონტერას" ბოლოდროინდელი საქმიანობა.  დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პარალელურად,  თქვენი მხრიდან, ისეთი კომპანიის დაცვა, როგორიც "ფრონტერაა", ყველაფერს  ჩრდილს აყენებს.

კომპანიამ "ფრონტერა" მისი ვალდებულება არ შეასრულა. ის, ბოლო ორი წლის განმავლობაში თვეობით არ უხდიდა დასაქმებულებს ხელფასს. როდესაც დასაქმებულებმა ეს მდგომარეობა გააპროტესტეს, 2019 წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ,  ისინი დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან. მათ დღემდე არ აუღიათ კუთვნილი ხელფასი.

ამერიკელი კონგრესმენები, რომლებმაც არაერთხელ დაუდასტურეს ქართველ ხალხს გვერდში დგომა და პატივისცემა, ბრმად არ უნდა იცავდნენ  მათი ქვეყნის ბიზნესკომპანიების ინტერესებს. პირიქით, ისინი საქართველოში მყოფ ამერიკულ კომპანიებს უნდა მოუწოდებდნენ, რომ მათ  შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, გადაუხადონ მშრომელებს კუთვნილი ხელფასი და ომოქმედონ კანონის უზანაესობის პრინციპების შესაბამისად საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს სურთ გახდნენ დასავლეთის ნაწილი, რადგან დაიღალნენ იმ დაუსჯელობით, რასაც ხშირად აწყდებიან საქართველოს ხელისუფლებისა თუ კერძო კომპანიების ქმედებებში. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, კვლავინდებულად მხარს უჭერდეთ ხელისუფლებას ხალხისთვის და ხალხის მიერ, არ დაუჭიროთ მხარი იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ღიად არღვევენ მშრომელების უფლებებს საქართველოში და არღვევენ კანონს. ეს პირადაპირ ეწინააღმდეგება წერილების სულიკვეთებას. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა დაიცვას პირველ რიგში არა ამერიკული კომპანიის, არამედ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები, როდესაც ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრების პასუხისმგებლობაა დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენლები, პატივს სცეემენ კანონებს და არ ეწევიან მშრომელების ექსპლუატაციას სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელთანაც 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

იმედს ვიტოვებ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც დემოკრატიის სახელით გამოთქვეს შეშფოთება,  შემდეგ წერილებში არა მხოლოდ დაიცავენ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, პასუხს მოთხოვენ საკუთარ კომპანიებსაც," - ნათქვამია ბექა ნაცვლიშვილის მიერ გაგზავნილ წერილში.

კომპანია "ფრონტერას" მიერ დაზარალებულები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას და ხელისუფლებისგან  ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, კომპანიას 11 თვის ხელფასი არ გადაუხდია, მათი შრომითი უფლებები დაირღვა და სამსახურიდან, მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.

 აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. კონგრესმენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტონ. მალინმა საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესების გამო შეშფოთება გამოთქვა.

 

დღის ამბები