მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას NBA-ს ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი ეხმიანება. ის ამბობს, რომ ბრაიანტთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა.
"შოკში ვარ კობისა და ჯინას გარდაცვალების გამო. სიტყვებით ვერ აღვწერ ტკივილს, რასაც ახლა განვიცდი. მიყვარდა კობი, ის ჩემთვის უმცროსი ძმასავით იყო. ხშირად ვსაუბრობდით და ეს საუბრები ძალიან მომენატრება. ის დაუნდობელი მეტოქე იყო, არაჩვეულებრივი მამა, რომელსაც ოჯახი უზომოდ უყვარდა და ყოველთვის ამაყობდა, რომ მის ქალიშვილსაც უყვარდა კალათბურთი," - წერს მაიკლ ჯორდანი განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით, ვერტმფრენი Sikorsky S-76B რომლის ჩამოვარდნამ კობი ბრაიანტი, მისი შვილი და სხვა 7 ადამიანი იმსხვერპლა, 1991 წელს იყო გამოშვებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ღრუბლისა და ნისლის გამო ხილვადობა ძალიან დაბალი იყო.