მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ისევ ბრალდებებს უყენებს და ულტიმატუმის ენით ესაუბრება. ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებაზე კვლავ უარს ამბობს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის ადაპტირებული ვარიანტით ჩატარებას ითხოვს.
ე.წ. გერმანული მოდელი შერეულ, მაგრამ მრავალმანდატიან საარჩევნო სისტემას გულისხმობს. მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული მოდელის მიხედვით, 100-მდე იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი, მაჟორიტარების კი 50-მდე მცირდება. მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს მაჟორიტარული წესით.
კრიზისიდან გამოსავალს ეძებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც და თანამოაზრეებთან ერთად სამომავლო გეგმებიც შემუშავებული აქვს. მმართველი გუნდის ოპონენტები პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატებს სტრატეგიის შეცვლას და კომპრომისზე წასვლას ურჩევენ.
კომპრომისზე წასვლას არ აპირებს უმრავლესობა. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, დათმობაზე უკვე წავიდნენ. "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მათ შეთავაზებას არ დათანხმდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება. უმრავლესობაში ეჭვობენ, რომ ოპოზიციისთვის არც ერთი ვერსია არ არის მისაღები.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ აპირებს მმართველი გუნდის შეთავაზებას მხარი დაუჭიროს, ოთხი უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი მაინც შედგება. პოლიტიკური დიალოგი ისევ დიპლომატიური კორპუსის მედიატორობით გაიმართება.