კორონავირუსი მსოფლიოს იპყრობს. ინფექცია იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩინელი ექიმი, რომელიც დაავადებულებს მკურნალობს, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ეპიდემიის მასშტაბებს მალავს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 90 000 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ვირუსის კერა, ქალაქი უხანი.
ისიც აღსანიშნავია, რომ ორკვირიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ჩინეთის მოქალაქემ, 46 წლის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა. ექიმების განცხადებით, კორონავირუსის დამარცხება საწყის ეტაპზე მარტივად შეიძლება. ამისათვის კი დროული დიაგნოსტიკაა საჭირო.
ვირუსის ეპიცენტრში, ქალაქ უხანში, აღარ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოსახლეობა ქუჩაში გასვლას ერიდება. ინფორმაციას "კურიერს" საქართველოს ჰუბეის პროვინციაში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე აწვდის.
საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ვირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და მოსახლეობას არც საკვების და არც სასმელი წყლის პრობლემა არ აქვს.
საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე მინიმალურია. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის უწყებამ პრევენციულ ზომებს მიმართა. უკვე მეორე დღეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალისტების ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მორიგეობს. ისინი ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ამოწმებენ.
აეროპორტის მსგავსად, კონტროლს ექვემდებარება როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო საზღვარი. ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებიან, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული, ხვალიდან ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდეს.
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთიდან გენერალური საკონსულოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა კანადაშიც.
ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია, რომ ვირუსს 56 ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლენილ 2000-მდე ინფიცირებულს კი 3000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაემატა. ურთულესი ვითარების მიუხედავად, ადგილზე ამ დრომდე რჩება სამი ქართველი.
ავტორი: დავით ცაგარელი