30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ქვიშხეთის ავარიის დროს 3 გარდაცვლილი ბავშვის დედა კატასტროფის ბრიგადამ მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანა

ქვიშხეთში მომხდარი ავარიის შედეგად გადარჩენილი ერთადერთი დაშავებული მგზავრი ცოტა ხნის წინ ხაშურის რეფერალური კლინიკიდან მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 29 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საზარელი ავარიის დროს ოთხი ადამიანი, მამა და 3 მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

"თოვლმა მოაცურა მანქანა და მდინარეში გადავარდა. ხალხის ყვირილზე გადმოვცურე. როგორც ჩანს მძღოლმა კარები გააღო, ხელი რომ შევყავი არავინ იყო, ალბათ დაიძირა. სამაშველო რომ მოვიდა, სამი ბავშვი ამოვიყვანეთ," - უთხრა "კურიერს" საზარელი ავარიის თვითმხილველმა გაგა კობალაძემ.

"ოჯახი ამოწყდაო, ცოლ-ქმარი და სამი ბავშვი. სავარაუდოდ, ქუთაისელები არიან. ბორჯომის მხრიდან მოდიოდნენ," - ამბობს თვითმხილველი თენგიზ ტაბატაძე.

"მე რომ მოვედი, უკვე გადავარდნილი იყო მანქანა. მიცვალებულები ამოყვანილი ჰყავდათ და სასწრაფოთი გადაჰყავდათ. ბორჯომიდან მოდიოდნენო, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, თორემ რა სისწრაფითაც მოდენილა, აქ ვერ გადავარდებოდა ვერანაირად," - უთხრა "კურიერს" თეიმურაზ მათიაშვილი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები თვითმხილველებმა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მგზავრები გარდაცვლილი დახვდათ. ყველა მათგანი ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 5-დან ოთხი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

დღის ამბები