30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ჩხუბი საკრებულოში და ნაცემი ოპოზიციონერი დეპუტატი - მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ლევან ხაბეიშვილია გამოკითხული

დედაქალაქის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ავთანდილ ცინცაძემ დღეს "კურიერთან" პირველი კომენტარი გააკთა. სწორედ "ქართული ოცნების" ამ დეპუტატის განცხადებებს მოჰყვა ხმაური და ხელჩართული ჩხუბი საკრებულოს კომისიის სხდომაზე.

მმართველი გუნდის წევრი საკრებულოდან, ამბობს, რომ ძალადობა მისთვის მიუღებელია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია პიროვნული შეურაცხყოფების მოსმენა სხვადასხვა პლატფორმიდან.

"კურიერთან" საუბარში, ავთო ცინცაძე, ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ დამლაგებლების ხელფასის მატებას საკრებულო უზრუნველყოფს. უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ დამლაგებლების ხელფასის რაოდენობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია განსაზღვრავს.

საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ავთო ცინცაძის გარდა "ქართული ოცნების" ფრაქციიდან ალექსანდრე ხუჯაძე და თარაშ შურღაიაც მონაწილეობდნენ. ჩხუბში მონაწილე უმრავლესობის დეპუტატები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე არ დაკითხულან. თუმცა ამბობენ, რომ გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობისთვის მზად არიან.

დღეს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი იმყოფებოდა ადვოკატთან ერთად. ლევან ხაბეიშვილს საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, ადვოკატი კი ბრალის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

საგამოძიებო უწყებაში მისულ ლევან ხაბეიშვილს დაპირისპირების დროს მიღებულ დაზიანებებზე გამომძიებლებმა დამატებით ექსპერტიზა მოსთხოვეს. ძველი თბილისის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დიღომში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიდა.

საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და თბილისის მერს აკისრებს. ფიზიკური ანგარიშსწორება მიუღებელია უმრავლესობისთვისაც, თუმცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საკუთარი პასუხიმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს.

დაპირისპირება საკრებულოში ოპოზიციასა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის გუშინ მოხდა. დაზიანებები ჩხუბის დროს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თავის არეში მიიღო. დაპირისპირება გაგრძელდა, ჯერ სხდომათა დარბაზში, შემდეგ დერეფანში და საკრებულოს მიღმა, ქუჩაში. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები