30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
6 კონგრესმენის კრიტიკა - არსებობს, თუ არა კიდევ ერთი წერილი რომელსაც ხელს სენატორი აწერს - ოპოზიცია დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს

გიორგი გახარიასადმი კონგრესმენებისგან მიწერილ კრიტიკულ წერილებს კიდევ ერთი შეემატა. ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი აკრიტიკებს.

როგორც წინა წერილებში, ამჯერადაც საუბარია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების, აქციებზე გამოყენებული ძალადობრივი მეთოდების, ანტიდასავლური შინაარსის გვერდების დაფინანსების, ოპოზიციის დევნისა თუ დასავლური ინვესტიციების შევიწროების გამო გამოთქმულ წუხილზე. ამ მხრივ, მაგალითად, ბაბინმა კვლავ ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" მოიყვანა. მკაცრი იყო შეფასებებში რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონიც.

ოპოზიციის ნაწილი ირწმუნება, რომ კრიტიკით სავსე წერილი კონგრესის გარდა, ხელისუფლებას, იმ კომიტეტის ამერიკელმა სენატორებმაც მისწერეს, რომელიც უცხო ქვეყნებს სანქციებს აკისრებს ხოლმე.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებას ამ წერილის გასაჯაროება მოსთხოვა.

ის, რომ ხელისუფლებას კონგრესმენები "კორუმპირებულსა" და "დემოკრატიის ანტაგონისტად" მოიხსენიებენ არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის იმის ნიშანია, რომ დასავლეთს "მოთმინების ფიალა აევსო" და პირდაპირ ღია კრიტიკაზე გადავიდა.

ყოფილი და მოქმედი რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკასთან ხელისუფლების გზავნილები შეუსაბამობაში მოდის.

სახელისუფლებო პარტიის დეპუტატები დღეს, იმაზე მიუთითებდნენ, რომ კონგრესმენების წერილების დიდი ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობებს ეფუძნება. მათ შორის გამოყოფენ ანაკლიის, ფეისბუკ-ტროლებისა და კომპანია "ფრონტერას" ეპიზოდებს. მათი თქმით, კრიტიკის ეს ფორმა ორმხრივ ურთიერთობებს ვერ წაადგება.

მალე ისინი ამერიკელ კოლეგებთან გასაუბრების შედეგად, მათი პოზიციების ცვლილებას ელოდებიან.

ანალიტიკურ წრეებში იმაზე მიუთითებენ, რომ ამერიკისგან მიღებული წერილები სიგნალია იმისა, რომ ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა. მათი მხრიდან კი იმის მტკიცება, რომ ამერიკელები სუბიექტურ ინფორმაციას ეყრდნობიან, ირიბი შეურაცხყოფაა.

ეს უკვე მე-4 კრიტიკული წერილია, რომელიც გიორგი გახარიამ ოფიციალურად კონგრესმენებისგან მიიღო. მმართველი გუნდი ვაშინგტონში ვიზიტისთვის და კონგრესმენებთან შესახვედრად ემზადება.

დღის ამბები