დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს. ზაზა მურჯიკნელს გამოძიება რამდენიმე მუხლით ედავება. დაკავებული ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას საქმის მასალები მისთვის ამ დრომდე არ გადაუცია.
"არცერთ ბრალდებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს, საქმესთან ყოველგვარ შემხებლობას უარყოფს. ჩვენ ამ დრომდე არ გადმოგვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ. თუმცა ეჭვი მეპარება, რაიმე პირდაპირი მტკიცებულების მაგვარი ჰქონდეს. არსად გაქცეულა, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, როდესაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ქმედება, პირი შესაძლოა მიიმალოს და არ გააგრძელოს ცხოვრება იმ ადგილას, იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დასამალი არ ჰქონდა," - განაცხადა გიგა ბოგვერაძემ.
გამომძიებლის ინფორმაციით, ზაზა მურჯიკნელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა.