30 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხე და დაგეგმილი ღონისძიებები - ჩინეთი-თბილისის რეისი გადაიდო

დაახლოებით სამ საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩინეთიდან რეისის მიიღებას ელოდებოდა თუმცა, ფრენა გადაიდო. რეისის გაუქმების მიზეზად კი არა ვირუსის საფრთხის ზრდა, არამედ ჩინური ახალი წელი სახელდება.

როგორც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ დამატებით ზომებს იღებს, მათი გადაწყვეტილებით, აეროპორტებში ჩამოსულ მგზავრებს თერმო-სკანერით შეამოწმებენ.

არსებობს თუ არა, საქართველოში ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების საფრთხე - ამ საკითხზე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე საუბრობს. 

"დღეს, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამინისტრო დისტანციური თერმომეტრების შეძენას უზრუნველყოფს. მათ პირველ რიგში, გაესინჯებათ ტემპერატურა და თუკი მომატებული იქნება, მაშინ ჩაერთვება ექიმი, მისგან შეგროვდება ანამნეზი და თუ საეჭვო მონაცემების დაფიქსირების შემთხვევაში, პაციენტს ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ," - ამბობს ამირან გამყრელიძე.

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება და როგორ დახვდებიან ჩინურ ავიარეისს საქართველოში, ამ თემაზე კი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საუბრობს.

"მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. მგზავრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებული იქნება საყურადღებო სიმპტომები. მოხდება მისი თერმული სკრინინგი და ვისაც 38 გრადუსზე მეტი ექნება ტემპერატურა, მას შესაძლებლობა ექნება აეროპორტშივე გაიაროს საწყისი ტრიაჟი. ჩინეთმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა განკურნებული პაციენტების ინფორმაცია. 6 დღიანი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტი ვირუსისგან სრულიად თავისუფალი გამოეწერა," - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მკვლელი ვირუსი უკვე საფრანგეთში დაფიქსირდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს მალაიზიაშიც დაფიქსირდა. აშშ-ში კი, უკვე ორი დაინფიცირებული დაარეგისტრირეს. პირველი დაინფიცირებული აღმოაჩინეს ავსტრალიაშიც.

თურქეთის აეროპორტიდან ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა უკან გააბრუნეს. სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტში ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს თერმული კამერებით ამოწმებენ.

დღის ამბები