ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული და გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი იზრდება. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო, ამ ეტაპზე, რჩება ე.წ. მწვანე ზონაში, რაც დაბალი რისკის ზონას ნიშნავს.
ლეტალური ვირუსით დაავადებული ადამიანები ჩინეთში გონებას უკვე პირდაპირ ქუჩებში კარგავენ. მედიკოსები, სასწრაფო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები განსაკუთრებული ეკიპირებით გადაადგილდებიან. დაავადებული მოქალაქეები კლინიკებში საგანგებოდ მომზადებული მოწყობილობებით გადაჰყავთ. ჩინეთის პროვინციაში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ქართველებიც იმყოფებიან. ვუჰანის უნივერსიტეტში მიწვეული ქართველი ლექტორი გაიოზ ცუცუნაშვილი შექმნილ პანიკაზე საუბრობს.
პროვინციას ვერ ტოვებენ ადგილობრივები. სამართალდამცველებმა პროვინციის გასასვლელები ჩაკეტეს ოფიციალური ჩინეთის გადაწყვეტილებით, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. დღეში რამდენჯერმე ხორციელდება ქუჩების დეზინფექცია. დაჩქარებული წესით მიმდინარეობს ახალი კლინიკის მშენებლობაც. მოქალაქეები იმარაგებენ საკვებს და ცდილობენ, არ გამოვიდნენ სახლებიდან. პროვინციაში შესაძლოა ჰუმანიტარული კრიზისიც შეიქმნას. მაღაზიების დახლები უკვე ცარიელია, დეფიციტია საკვები პროდუქტების და მედიკამენტების.
ჰუვეის პროვინციაში მყოფ ქართველებთან მუდმივ კონტაქტზე არიან საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები. ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ამბობს, რომ ქართველებს ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
კორონავირუსი, რომელიც მედიკოსებს მხოლოდ ცხოველიდან გადამდები ეგონათ, გაირკვა, რომ ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და მისი სწრაფად გავრცელების რისკიც გაცილებით მაღალია.
ვირუსის შემთხვევები ფიქსირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, საუდის არაბეთში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მსოფლიო მასშტაბით ყველა ის აეროპორტი, სადაც ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება. საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებშიც. თუმცა, საქართველოს ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის, 800-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ აცხადებს, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნაადრევია.