სპეცოპერაცია, რომელიც დღეს გამთენიისას გლდანში "კურიერმა" გადაიღო - ექსკლუზიურ კადრებზე დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის ძებნილის დაკავებაა ასახული.
ის, მუხროვანის ამბოხებაზე გასამართლებული ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელი აღმოჩნდა.
მურჯიკნელს ამჯერად 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება და ბრალად თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის დაჭრა და მისი შვილის, ნოდარ გეგეშაშვილის მკვლელობა ედება.
"კურიერის" ექსკლუზიური კადრები გლდანში გამთენიისას არის გადაღებული. პოლიციამ ის ავტომობილი გააჩერა და გაჩხრიკა, რომელსაც დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისივე შვილის მკვლელობისთვის ძებნილი პირი მართავდა. ზაზა მურჯიკნელს გამომძიებლებმა ადგილზევე განუმარტეს რის გამო აკავებდნენ და ხელბორკილებიც დაადეს. მისი დაკავების ოპერაციის დეტალებს "კურიერთან" თვითმხილველი ჰყვება.
თითქმის ორი წელია, მძიმე დანაშაულში მხილებული პირი იძებნება. დოდო გუგეშაშვილმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული საგანგებო ბრიფინგით შეიტყო, რომ საქმე გახსნილია. ის დარწმუნებულია, რომ ბრალდებული მხოლოდ მკვლელობის შემსრულებელია და ითხოვს, გაირკვეს იმ პირის ვინაობა, ვინც დოდო გუგეშაშვილისა და მისივე ოჯახის წევრის ლიკვიდაცია დაუკვეთა.
რა მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს ზაზა მურჯიკნელი, უცნობია. ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც პროკურატურა დაზარალებულის სტატუსის მატარებელ დოდო გუგეშაშვილს საქმის მასალებზე წვდომის უფლებას მისცემს. ამ დრომდე უცნობი რჩება, კონკრეტულად, რა გახდა ამ დანაშაულის მოტივი. მიზეზებზე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც არ უსაუბრიათ. ცნობილია, რომ გამოძიება საქმეზე ჯერ ისევ გრძელდება.
"კურიერის" ინფორმაციით, ზაზა მურჯიკნელი გულუას სპეცრაზმის ყოფილი წევრია. როგორც ცნობილია, ის დოდო გუგეშაშვილს თავსი დროზე ნდობის მოსაპოვებლად, თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკის, მალხაზ თოფურიას სახელით გაეცნო. თავად თოფურია "კურიერთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ დაკავებულთან ნაცნობობა საერთოდ არ აკავშირებს და ელოდება გამოძიების დასრულებას, რათა დაზუსტდეს, რა კავშირშია მისი სახელი და გვარი 2018 წლის 7 თებერვალს მომხდარ მკვლელობასთან.
ზაზა მურჯიკნელი ე.წ მუხროვანის ამბოხის მონაწილეც იყო. ის 2009 წელს დააკავეს. ყოფილი ლეიტენანტი საპატიმროდან 2012 წლის საყოველთაო ამნისტიის დროს გათავისუფლდა. მურჯიკნელის აღიარებითი ჩვენება სამხედრო ამბოხების საქმეზე თითქმის 11 წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
2018 წლის 7 თებერვალს შენიღბული და შეიარაღებული პირი დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს, თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დროებით საცხოვრებელ სახლში დაესხა. მომხდარიდან მალევე გავრცელდა დანაშაულის სავარაუდო ვერსიები. მათ შორის, საუბარი იყო შეხვედრებზე უკრაინაში და ქარვის ბიზნესსზე. თუმცა, ეს ოფიციალურად ისევ არავის დაუდასტურებია. ერთადერთი, რასაც გუგეშაშვილი თავიდანვე ამბობდა იყო ის, რომ მისთვის უცნობ პირს მკვლელობა დაუკვეთეს.