30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
"კლანური" გავლენები და მათი ზემოქმედება სასამართლო გადაწყვეტილებებზე - მესამე სექტორის ანგარიში

"კლანური" მმართველობა, მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა, - ეს იმ საკითხების ნაწილია, რაზეც მესამე სექტორმა უზენაესი სასამართლოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ისაუბრა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ხარვეზების გამოსწორება და რეკომენდაციების გათვალისწინება. კვლევის ავტორები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" არიან. პრეზენტაციას მესამე სექტორის და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შენიშვნებს გაეცნო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც.

ხარვეზები რომ მუშა პროცესის თანმდევია, ამაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი საუბრობს. მზია თოდუა მიიჩნევს, რომ მათ გამოსასწორებლად მესამე სექტორის შენიშვნების გათვალისწინება აუცილებელია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან რიგ საკითხებზე დამატებით მსჯელობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

უზენაეს სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ჩატარებული კვლევის ავტორები ყურადღებას დამოუკიდებელი პროცესების შემაფერხებელ გარემოებებზე ამახვილებენ, მათ შორისაა ინტერესთა კონფლიქტი, ფარული კენჭისყრის დროს ხმების ერთნაირი სქემით გადანაწილება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფართო უფლებამოსილებები. ასევე, მესამე სექტორისთვის პრობლემურია რეგლამენტით გათვალისწინებული წესი, რომლის მიხედვითაც პროცესებში ვერ ერთვებიან გარე ექსპერტები.

მესამე სექტორის გარდა კვლევის პრეზენტაციას სასამართლო ხელისუფლების და რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შენიშვნები და ხარვეზები რომ დროულად უნდა გამოსწორდეს, ამაზე პრეზენტაციაზე მიწვეული ყველა პირი თანხმდებოდა.

"კლანური" გავლენები და მათი ზემოქმედება სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე მესამე სექტორისთვის კვლავ აქტუალურია. უზენაესი სასამართლოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ამ საკითხს უჭირავს. არასამთავრობოების გარდა ამაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც ისაუბრა.

კრიტიკა და შენიშვნები მისაღებია, თუმცა კლანურ გავლენებს კატეგორიულად გამორიცხავს გიორგი მიქაუტაძე.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საკუთარ ანგარიშში უზენაეს სასამართლოში 2019 წელს მიმდინარე პროცესი შეაფასეს.

დღის ამბები