30 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
რა ბრალდებებს უყენებენ კალანდიები ზაზა სარალიძეს - ხორავას ქუჩის საქმის ხმაურიანი პროცესი და დაპირისპირება მხარეებს შორის

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა საქმით სპეკულირებაში დაადანაშაულეს.

ინციდენტში, რომელიც სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია.
სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ მოსამართლეს სთხოვა, სასამართლო სხდომებზე ზაზა სარალიძე აღარ დაუშვას.

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე მირზა სუბელიანის შვილმა ალექსანდრე სუბელიანმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს. როგორც სუბელიანმა განაცხადა, ის დავით სარალიძის დაჭრას არ შესწრებია, თუმცა აცხადებს, რომ კალანდია მკვლელი არაა.

მირზა სუბელიანის შვილმა დღეს არაერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება, იხსენებდა ფარდულის ეპიზოდსაც, რა დროსაც განაცხადა, რომ მას მიხეილ კალანდია ფარდულში დავით სარალიძესთან ერთად არ დაუნახავს. მოწმემ ბრალდებული საქმეში უდანაშაულოდ გამოაცხადა. 

ალექსანდრე სუბელიანმა გაიხსენა ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდიც და მომენტი, თუ ვინ დაინახა ბოლოს გარდაცვლილთან ერთად.

ზაზა სარალიძე და თენგიზ და ლუკა კალანდიები სასამართლო დარბაზში ერთმანეთს სიტყვიერად მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ალექსანდრე სუბელიანი საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს დეტალურად იხსენებდა. ზაზა სარალიძემ პროცესი პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა. ორ მხარეს შორის დაპირისპირება სასამართლოს დერეფანში გაგრძელდა.

მომხდარს კალანდიების ოჯახმა პროვოკაციული ქმედება უწოდა. თავად ზაზა სარალიძეს დაპირისპირების დეტალებზე აღარ უსაუბრია, თუმცა მისი ადვოკატი სარალიძის გაღიზიანებას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და, სავარაუდოდ, გუგა რობაქიძის მოსალოდნელ საპროცესო შეთანხმებების მიღწევას უკავშირებს.

საქმის პროკურორი არასრულწლოვანს სხდომაზე დაახლოებით 1.30 საათი კითხავდა. საბოლოოდ, პროკურორის, ბესიკ კვარცხავას განმარტებით, ალექსანდრე სუბელიანს პირველად მიცემული ჩვენების მიხედვით განსხვავებული არაფერი უთქვამს. თუმცა, ბრალდება ამტკიცებს, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებები და ჩვენებები არსებობს, რომელიც შეჯამებას საჭიროებს.

ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე ხვალ, 24 იანვარს, 12 საათზე, მომდევნო პროცესია ჩანიშნული, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს, დაჩი ღლონტს დაკითხავენ.

დღის ამბები