30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
რატომ შეუჩერეს მღვდელმსახურება მამა ანდრია სარიას - "კურიერმა" სხდომის დეტალები გაარკვია

შეხვედრა, რომელიც ანდრია სარიასა და ილია მეორეს შორის უნდა შემდგარიყო, ვერ შედგა.

ანდრია სარიას უარის მოტივად კათოლიკოს-პატრიარქის ბობოყვათის რეზიდენციაში ყოფნა დაუსახელეს.

სწორედ აჭარაში დაუკავშირდნენ ილია მეორეს საპატრიარქოდან და ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება სთხოვეს, ბრძანებაც მალევე გამოიცა. მიზეზი მაღალი იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა.

ანდრია სარია კი ამტკიცებს, რომ ყველა ბრალდების მტკიცებულება არსებობს, საბედისწერო კი მისი ბოლო განცხადება აღმოჩნდა.

სანამ პატრიარქი ანდრია სარიას მღვდელმსახურებას შეუჩერებდა, მას 12 დეკემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლმა დაუმორჩილებლობისთვის განტევების სიგელი გადასცა, რაც ეპარქიის დატოვებას ნიშნავს. საკითხი განსახილველად სინოდალურ კომისიაში გადავიდა.

"კურიერისთვის"  ცნობილი გახდა სხდომის დეტალები. კომისია ურთიერთბრალდებების ფონზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სასულიერო პირები ანდრია სარიას ჟურნალისტებთან ჭორაობასა და დაუსაბუთებელ განცხადებებში ადანაშაულებდნენ.

საპატრიარქოს შურისძიება - ასე აფასებს ილია მეორის ბრძანებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი. მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოში გადაწყვეტილებებს შერჩევითი სამართლით იღებენ და ყველა, ვინც საპატრიარქოს კრიტიკას ბედავს, სანქციებით ისჯება.

საჯაროდ გახმოვანებული ბრალდებებისთვის მონაზვნისთვის ყველაზე მძიმე სასჯელით დაისაჯა იღუმენია თამარ გამყრელიძე. მას ზიარება აეკრძალა. იღუმენია ზნეობის კომისიაზე დაიბარეს, ის საპატრიარქოს მოთხოვნას მაშინ არ დაემორჩილა. იღუმენია მომხდარს მეუფე პეტრესთვის ღიად გამოცხადებულ მხარდაჭერას უკავშირებს.

"პირველი, ვინც განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამო შურისძიებისთვის დაისაჯა, დეკანოზი მამალაძეა," - ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა.

კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებაზე დღეს განმარტებები საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ანდრია სარიას მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიზეზი მისი დაუსაბუთებელი ბრალდებები აღმოჩნდა. გაფრთხილების შემდეგ მღვდელ-მონაზონს უფლებამოსილება გლდანის ციხესა და ერთ-ერთ პრესკლუბში ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადების გამო შეუჩერდა. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ილია მეორესთან შეხვედრაზე უარი სარიასთვის არავის უთქვამს.

პირველად საჯარო განცხადებები საპატრიარქოში არსებულ პრობლემებთან 3 წლის წინ მამა გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ გაკეთდა. ნარკოდანაშაულზე, მამათმავლურ ცოდვებზე, პედოფილიასა და სხვა მძიმე ბრალდებებზე მეუფე პეტრე და მისი გარემოცვა 31 ოქტომბერს ხმაურიანი სინოდის სხდომის შემდეგ ალაპარაკდნენ.

 

დღის ამბები