30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით დაინტერესდა

"ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები," - ამის შესახებ კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ჯეი კოლინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
 
Citigroup-ი საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავს, ჩაერთოს საბიუჯეტო ხარჯების სააღრიცხვო და საანგარიშსწორებო სისტემის და საგადასახადო სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაციფრულების პროცესში და ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. კომპანიამ ასევე გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს 2021 წელს საქართველოს მთავრობის ევროში დენომინირებული  ფასიანი ქაღალდების (500 მლნ ევროობლიგაციების) რეფინანსირების პროცესში.
 
"შესანიშნავი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეკონომიკაზე და ტექნოლოგიებზე, კონკრეტულად კი სამთავრობო სექტორში ოპერატიულობისა და ეფექტურობის მიზნით გამოყენებულ ტექნოლოგიებზე  ვისაუბრეთ.
 
ასევე განვიხილეთ ინვესტიციები და ის გზები, რომლითაც საქართველოს შეეძლება მეტი კაპიტალდაბანდების მოზიდვა.
ვისაუბრეთ ასევე დაფინანსების სტრატეგიაზე და გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების დაფინანსების საკითხებზე. საერთო ჯამში ბრწყინვალე შეხვედრა იყო. გვახარებს ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება,"- აღნიშნა ჯეი კოლინსმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.​

Citigroup-ი არის ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი და ფინანსური სერვისების კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. აშშ-ის უდიდეს ბანკებს შორის მესამე ადგილზეა. 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და 160 ქვეყანაში ოპერირებს და კორპორაციებს, მთავრობებს, მომხმარებლებსა და ინსტიტუტებს ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. წლიური შემოსავალი 73 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, 204 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

დღის ამბები