30 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი დავოსში - გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოს ოკუპაციაზე, რეგიონში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და სხვა თემებზე გაამახვილა.

"უპირველეს ყოვლისა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ ძალიან მნიშვნელოვან განხილვებში მონაწილეობა. რამდენიმე ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: პირველ რიგში, აქ ვიმყოფები როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია. ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს. ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

ბოლო 5 წლის განმავლობაში რეალური და ძალიან ხელშესახები შედეგები გაგვაჩნია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა. თუმცა, გამოწვევებიც გვაქვს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში.

როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და როდესაც ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველოს ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის კარიბჭედ მივიჩნევთ ასევე, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად მოვიაზრებთ საქართველოს.

სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში.

შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს როლს, დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ.

ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა გვესმის, რომ  ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეგვიძლია უსაფრთხოების ნაწილში.

ყირიმის ამბების შემდეგ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი.

მეორეს მხრივ, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამისთვის მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე.

როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგ: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას.

ეს გახლავთ ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით  მოვახერხებთ.

სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ ჩვენის მხრივ, მზად ვართ ჩვენი საშინაო დავალება გავაკეთოთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შანსი რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს.

ჩვენთვის ევროკავშირში და ნატოში წევრობა ერთადერთი გარანტიაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები ევროპის მომავალზე ისაუბრებთ.
 
გამოწვევებით სავსე რეგიონში ვართ და როდესაც ამ სამეზობლოს შეხედავთ რუკაზე თავადაც დარწმუნდებით ამაში.

აქტუალურია ოკუპაციის საკითხი. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის გადაჭრაზე იკისრა ვალდებულება.

ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსში ვიზიტისას. 

დღის ამბები