30 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
კონგრესის ზოგიერთი წევრის პოზიცია შესაძლოა ობიექტურ მოცემულობას მოკლებული იყოს - ანრი ოხანაშვილი

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას მმართველი გუნდი ეხმაურება. "კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს და უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას," - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების და ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორის მაიკლ კარპენტერის კრიტიკას.

ოხანაშვილის თქმით, კონგრესმენების გზავნილები შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს და ეს მათთან არასწორი კომუნიკაციის შედეგია.

"ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას, ძალიან ბევრი არის ჩვენი მეგობარი. კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას. ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი მუშაობა, თუმცა ერთი რამ არის ხაზგასასმელი, რომ აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში საქართველო ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყნად ვერ მოხვდებოდა, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვევდა," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით კი, საერთაშორისო ვიზიტების დროს პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებათ.

"ცხადია, რომ აქ არის გარკვეული კრიტიკა და ვფიქრობ, შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, როდესაც მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასებები ობიექტური იქნება," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

 

დღის ამბები