30 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ბანერები და ფლაერები - ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსზე საინფორმაციო კამპანიას აძლიერებს

როგორია ახალი ვირუსის წინააღმდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია - უწყებამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად მოკლევადიანი გეგმა უკვე შეიმუშავა.

ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებისთვის სპეციალური საინფორმაციო ბარათები დარიგდება, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ, კორონავირუსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამოიკითხონ - რა სიმპტომები ახასიათებს და ვის შეიძლება მიმართონ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.

“საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებზე მიღებული არ არის. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო. ამდენად, ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაზე, როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოსული პირებისთვის. სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანია, იყოს ბანერები და ფლაერები იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან, თუ მას აღმოაჩნდება სავარაუდო სიმპტომები,“ - ამბობს თამარ გაბუნია.

ქვეყანაში ინფექციის შემოტანის ალბათობა მინიმალურია, თუმცა ამის შანსი თეორიულად არსებობს. ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში იმოგზაურა ბოლო ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით - უხანში. თუ ეწყება ეს სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის თბილისში ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოს. ეს სიმპტომები არის ძირითადად ის, რაც ახასიათებს ნებისმიერ რესპირატორულ ინფექციას, ანუ - ცხელება მაღალი, ხველა, თავის ტკივილი,  სისუსტე და სუნთქვის გაძნელება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები