30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ისრაელის პრეზიდენტის პირობა სალომე ზურაბიშვილს - ისრაელში ქართველების ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა რეალური ხდება

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა რეალური ხდება. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დაჩქარდება, - პირობა ქართველ კოლეგას ისრაელის პრეზიდენტმა მისცა.

ბოლო წლებში ქვეყნიდან ქართველების დეპორტაციის გახშირებული ფაქტების შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს.

საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას მოემსახურება, ასევე, იერუსალიმში საპატიო საკონსულო, რომლის ახალი ოფისიც დღეს ისრაელში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად გახსნა.

დღესვე, ცნობილი ხდება, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცული ქართული ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ. ამ თხოვნით სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმის პატრიარქს მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. თეოფილე მესამემ საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- "მაცხოვრის საფლავის მცველის" ორდენი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა, ღონისძიება ხვალ გაიხსნება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი, მათ შორის ვლადიმირ პუტინიც დაესწრება.

მანამდე კი სალომე ზურაბიშვილს საზეიმო ღონისძიებით უმასპინძლეს მსხვილი ამერიკული ორგანიზაციის "სიონის მეგობრების" მუზეუმში, სადაც, ქართველი ხალხისადმი მადლიერების ნიშნად, საქართველოს პრეზიდენტს უმაღლესი ჯილდო გადასცეს. იგივე ჯილდო აქვს მიღებული დონალდ ტრამპს და ჯორჯ ბუშს.

იერუსალიმსა და თელავივში საქართველოს პრეზიდენტს ხვალიდან ოფიციალური შეხვედრები აქვს დაგეგმილი მსოფლიოს ლიდერებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

დღის ამბები