30 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
კორონავირუსისგან გარდაცვლილი 17 და 500-მდე ინფიცირებული - საქართველო WHO-ს რეკომენდაციის მოლოდინშია

ადამიანები, რომლებიც ჩინეთში სავაჭროდ დადიოდნენ, გავრცელებული კორონავირუსის გამო ფრთხილობენ. ისინი ლეტალური ვირუსის გავრცელების გამო თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩინეთში გამგზავრებას გეგმავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს რეკომენდაციები გაავრცელა.

ჩინეთში გავრცელებული ვირუსი - კორონავირუსის პათოგენია, რომელიც პნევმონიით, ანუ ფილტვების ანთებით მიმდინარეობს და გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამ დრომდე, კორონავირუსს ზოოვირუსად თვლიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ის მხოლოდ ცხოველთან ან ზღვის პროდუქტთან უშუალო შეხებით ვრცელდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დადგინდა, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. მედიკოსების თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა, თუმცა აცრები ამ პათოგენის წინააღმდეგ ჯერ არ არსებობს.

ბოლო ინფორმაციით ე.წ. ჩინურმა ვირუსმა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაინფიცირებულია 500-მდე პირი. დაავადება ჩინეთის გარდა დაფიქსირდა ტაილანდში, სამხრეთ კორეასა და უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აეროპორტებში მსოფლიო მასშტაბით სკრინინგს ახორციელებენ. ჩინეთში ქუჩების დეზინფექციაც დაიწყეს.

ჟენევაში, ამ წუთებში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოსთვის რეკომენდაციები უნდა გაიწეროს. საქართველოც სწორედ ამ რეკომენდაციებს ელოდება, რის შემდეგაც უკვე ხვალ, დილის 10 საათიდან, ჯანდაცვის სამინისტროში ვირუსის პრევენციის საკითხებზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

დღის ამბები