სუპერმარკეტ "სპარის" კონსულტანტი, 18 წლის ბიჭი, რომელსაც მუშაობისას თავში ქვაფენილის ფილა ჩაარტყეს, უკვე ბებიისა და ბაბუის სახლში, სოფელ ნარაზენშია დასვენებული.
თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ, მათე ჯომიდავა კლინიკაში გარდაიცვალა. დაპირისპირებიდან დღემდე, ოჯახის მთავარი საზრუნავი 18 წლის ბიჭის გამოჯანმრთელება იყო.
ფატალური შედეგის შემდეგ, ოჯახი სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
18 წლის მათე ჯომიდავას მძიმე დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ის, ხეჩინაშვილის კლინიკაში 30 დეკემბერს შეიყვანეს.
სასიკვდილო დაზიანება მას სუპერმარკეტ "სპარში" შესულმა მოქალაქემ მიაყენა. იმ ფილიალში დასაქმებულებს, სადაც შემთხვევა მოხდა, საუბარი არ სურთ.
მათე ჯომიდავა ოკუპირებული აფხაზეთიდან სასწავლებლად ჩამოვიდა დედაქალაქში.
მათეს მეგობრები ინციდენტის დეტალებს "კურიერთან" იხსენებენ. მათი თქმით, დაპირისპირებაში 4 პირი მონაწილეობდა.
კონკრეტულად, რა გახდა ინციდენტის მიზეზი, გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა არ იციან. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მამაკაცს მომსახურების ხარისხი არ მოეწონა, რასაც შემდგომ დაპირისპირება მოჰყვა.
წერილობით პასუხში სუპერმარკეტების ქსელი განმარტავს, რომ მართალია, ახალგაზრდა სამუშაო საათებში დაზიანდა, თუმცა ეს საწარმოო პროცესით გამოწვეული არ ყოფილა.
კომპანია პირდაპირ არ ამბობს, მიიღებს თუ არა გარდაცვლილის ოჯახი კომპენსაციას. შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კი დამსაქმებელი კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
კოსტავას ქუჩაზე მდებარე "სპარში" კონსულტანსა და მომხმარებელს შორის დაპირისპირება 30 დეკემბერს მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სამინისტროს ცნობით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მას უკვე შეეფარდა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. 18 წლის სტუდენტი აფხაზეთიდან დევნილი იყო. მისი ოჯახის წევრები გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობენ. ჯომიდავების ნათესავის თქმით, გარდაცვლილს აფხაზეთში 2 დღეში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.