პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
51 წლის გელა ქანთარიამ პროცესზე თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ეკუთვნოდა და არც გაუსვრია.
პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა პროკურატურაც.
პროკურორის თქმით, არსებობს მსჯავრდებულის მიმალვისა და მის მიერ დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
გამოძიების ინფორმაციით, გელა ქანთარიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გელა ქანთარია მოგვიანებით დააკავა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ზუგდიდელ მამაკაცს ბრალად პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.