30 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ოპოზიციონერი დეპუტატები გრიგოლ ვაშაძის განცხადებას არაზუსტს და არაკორექტულს უწოდებენ

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას "ევროპულ საქართველოშიც" აკრიტიკებენ და არაკორექტულს უწოდებენ. მათი შეფასებით, ეს მონაპოვარი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგი, არ უნდა მიიწეროს რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ.

"ივანიშვილს ამ პირობის დადება საზოგადოების პროტესტის შედეგად მოუხდა.  პოლიტიკური პარტიები მხოლოდ საზოგადიების ნაწილია. განსაკუთრებული დამსახურება აქვს იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის და ჯანმრთელობის ფასად გამოთქვამდა პროტესტს "გავრილოვის ღამეს" და შემდგომში.

შეცდომაა, ამ არაკორექტული გამონათქვამის გამო წინაპირობის დაყენება ოპოზიციური პარტიის კოორდინაციისთვის," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ზედმეტი ინტერპრეტაცია მოჰყვა

"ამ წუთისთვის ეს პრობლემა აღმოფხვრილია. ოპოზიცია იმ ფორმატში, რაც იყო, ერთიანია. ჩვენ საერთო ძალებით გავაგრძელებთ საზოგადოებრივ მშვიდობიან პროტესტს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებას გადაჭარბებულს უწოდებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც, თუმცა ისინიც აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია საერთო მიზნის მისაღწევად კვლავ ერთიანია.

"არც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ძალის ძალისხმევა, არც ჩემი, არც სხვისი არ არის საკმარისი, რომ ასეთი უტიფარი ხელისუფლება წამოიყვანო დათმობაზე. ერთობას ამ შემთხვევაში ნამდვილად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასე, რომ, ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთის სიტყვებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის იმისთვის, რომ ეს ერთობა შენარჩუნდეს," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განმარტებით, ეს მონაპოვარი განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც 20 ივნისის აქციებზე "გმირულად იდგა".

"ეს მონაპოვარი არის მთლიანად ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც გმირულად იდგა, იბრძოდა, აპროტესტებდა ცნობილ "გავრილოვის ღამეს" ოკუპაციას და შემდგომაც მუდმივად იდგა აქციებზე," - აღნიშნა გიორგი გუგავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები